
„ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა – დავითაშვილი
06/10/2022 15:21:40 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, არბიტრაჟს მიმართა.
ეკონიმიკის მინისტრს ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დაუსვა.
„ენკამ“ [კონტრაქტის –რედ] შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა. თუმცა ჩვენ კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ და გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში იმისთვის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ჩვენთვის ნამახვანი რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს ხანებში გვექნება მეტი ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგად და ამას გაგიზიარებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. მაშინ ეკონომიკის იმჟამინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანიასთან მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. „ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე“– თქვა მაშინ მინისტრმა.
ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.