
კრემლს უკრაინის უწყვეტი კონტრშეტევის ფონზე არჩევანის გაკეთება მოუწევს – ISW
06/10/2022 16:28:31 ევროპა
ჩრდილოეთ და სამხრეთში უკრაინის უწყვეტი კონტრშეტევა სავარაუდოდ, აიძულებს კრემლს, პრიორიტეტი მიანიჭოს ერთი რაიონის დაცვას მეორის ხარჯზე, რაც პოტენციურად გაზრდის უკრაინის წარმატების შანსებს ორივე ფრონტზე,– იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში.
„უკრაინის კონტრშეტევა ხარკოვის ჩრდილოეთით ჯერ არ დასრულებულა ერთთვიანი წარმატებული ოპერაციების შემდეგ და ახლა ლუგანსკის ოლქის დასავლეთით მოძრაობს. 5 ოქტომბერს უკრაინულმა ჯარებმა დაიკავეს გრეკოვკა და მაკეევკა ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით (სვატოვოეს სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში)“, - ნათქვამია მოხსენებაში.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ „რუსულმა ჯარებმა ვერ დაიკავეს მდინარეების ოსკოლისა და სევერსკი დონეცის ნაპირები და გამოიყენეს ისინი, როგორც ბუნებრივი ზღუდე, რათა თავიდან აიცილონ უკრაინული ჯარების წინსვლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის დაუცველ ნაწილებში“:
„ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით რელიეფი შესაფერისია სწრაფი მანევრული ომისთვის (რაც უკრაინულმა ძალებმა ეფექტურად გამოიყენეს ხარკოვის რეგიონის აღმოსავლეთით სექტემბრის დასაწყისში) და ღია წყაროებიდან არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები მნიშვნელოვნად გამაგრდნენ ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით“.
მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამო გაზრდილი შიდა კრიტიკა სავარაუდოდ, აიძულებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, პასუხისმგებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე, კერძოდ, მინისტრ სერგეი შოიგუსზე გადაიტანოს.
ამასთან, როგორც ISW აღნიშავს, პუტინი სავარაუდოდ, იმდენი ხნით გადაავადებს შოიგუს თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ვიდრე შეძლებს მის დადანაშაულებას მუდმივ სამხედრო წარუმატებლობაში.
ბრიტანულმა დაზვერვამ 5 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა აგრძელებს შეტევითი ოპერაციებით წინსვლას როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთის, ისე სამხრეთის ფრონტებზე. კერძოდ, „უკრაინის ქვედანაყოფები უახლოვდებიან ლუგანსკის რეგიონის საზღვრებს“.
ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ დეტალების გარეშე გამოაცხადა ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაციის დაწყება. მოგვიანებით მან დააზუსტა ექვსი დასახლების გათავისუფლების შესახებ, თუმცა დასახელება გენშტაბს დაუთმო.