Accentnews.ge
“ევროკავშირი ერთგულია საქართველოს უსაფრთხოების, გვსურს მისი წინსვლა ევროკავშირის გზაზე"

“ევროკავშირი ერთგულია საქართველოს უსაფრთხოების, გვსურს მისი წინსვლა ევროკავშირის გზაზე"

06/10/2022 19:35:59 ევროპა, პოლიტიკა

ჩვენ გვსურს საქართველოს წინსვლა და წარმატება მის ევროკავშირის გზაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, რეფორმების მცდელობები უნდა გაგრძელდეს.

“კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ ასევე გვსურს საქართველოს წინსვლა და წარმატება მის ევროკავშირის გზაზე. რეფორმების მცდელობები უნდა გაგრძელდეს. ევროკომისია მზადაა ამ პროცესში დახმარებისთვის”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

თავის მხრივ ღარიბაშვილმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.

"ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის", - წერს პრემიერი.

***

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომ ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოზე.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.

17 ივნისს ევროკავშირმა საქართველოს წინაშე 12 პუნქტის შესრულების პირობა დააყენა. მათი შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ეს სტატუსი ამ ეტაპზე ვერ მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S