
ზელენსკიმ NATO–ს მოუწოდა რუსეთზე "პრევენციული დარტყმებისკენ": რას გულისხმობდა პრეზიდენტი
06/10/2022 19:56:47 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო–ს მოუწოდა, პრევენციული დარტყმები განახორციელოს რუსეთის წინააღმდეგ, რათა გამოირიცხოს რუსული მხარის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ეს განცხადება უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ავსტრალიის ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ვიდეოხიდით ჩართვისას გააკეთა. გამოსვლის ჩანაწერი უკრაინის პრეზიდენტის ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნდა.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას.
„რა უნდა გააკეთოს ნატომ? აღმოფხვრას რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. მაგრამ რაც მთავარია, მე კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ეს იყო 24 თებერვალამდე: პრევენციული დარტყმები, რათა მათ იცოდნენ, რა მოუვათ, თუ გამოიყენება და არა პირიქით - დაველოდოთ რუსეთის ატომურ დარტყმებს, რათა შემდეგ თქვან: „ახ, შენ ასე, მიიღე ჩვენგან!“ გადაიხედოს ზეწოლის გამოყენება, მისი განხორციელების პროცედურა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთში ზელენსკის სიტყვებს კრემლის ლიდერის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, ყურადღება უნდა მიაქციონ, რაზე საუბრობდა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, ზელენსკის გამოსვლა არის "მოწოდება მსოფლიო ომის დაწყებისკენ". რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ზელენსკი რუსეთზე ბირთვული დარტყმის მოწოდებაში დაადანაშაულა.
ამ განცხადებებს ზელენსკის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ საუბრობს რუსეთზე სამხედრო თავდასხმაზე. ნიკიფოროვის თქმით, ზელენსკი უბრალოდ იმეორებდა თავის წინადადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რაც მან ჯერ კიდევ 24 თებერვალს რუსული შემოჭრის დაწყებამდე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ბირთვული დარტყმით რუსეთი იმუქრება და არა უკრაინა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ვლადიმირ პუტინი არაერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით. მათ შორის, 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადებისას თქვა, რომ რუსეთი მზადაა, გამოიყენოს „ყველა საშუალება“, თუკი „ქვეყანის ტერიტორიულ მთლიანობას“ საფრთხე შეექმნება. ამავდროულად, რუსეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა უკრაინის ოთხი რეგიონი საკუთარ ნაწილებად, უკრაინა კი აცხადებს, რომ გეგმები არ სეცვლილა და გრძელდება კონრშეტევა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. საგულისხმოა, რომ უკრაინამ ბოლო დღეებში მოახდინა რამდენიმე ანექსირებლი დასახლების დეოკუპაცია.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა „ევროპის მიმართ აშკარა ბირთვულ საფრთხეებში“ და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ვალდებულებების უგულებელყოფაში. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ მოსკოვს "კატასტროფული შედეგები" ელის, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.