
უკრაინის არმიამ ხერსონის რაიონში 1 ოქტომბრიდან 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა - ზელენსკი
06/10/2022 20:22:58 ევროპა
1 ოქტომბრიდან მხოლოდ ხერსონის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათობით დასახლება,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, წარმატებებია აღმოსავლეთის მიმართულებითაც.
„აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ გაცნობებთ წარმატების შესახებ ზაპოროჟოეს რეგიონში - იმ ადგილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ოკუპანტები. დადგება დღე, როცა ყირიმის განთავისუფლებაზეც ვისაუბრებთ“,– განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ახსენა ირანული დრონები.
"რატომღაც, ირანი ირწმუნება, რომ ჩვენ ისინი (ირანული დრონები - რედ.) არ გვაქვს. ხალხი მათ ცაში ხედავს, ჩვენ მათ ვაგდებთ, ისინი კი გვეუბნებიან, რომ თითქოს არ არსებობენ. კეთილი, ვიპოვით გზებს, რომ ისინი რეალურად აღარ არსებობდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
იხილეთ ასევე: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 86 ირანული დრონი გამოიყენა, მათი 60% განადგურდა – გენშტაბი
მანამდე უკრაინის სამხრეთი თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა 1 ოქტომბრიდან გათავისუფლებული ხერსონის რეგიონის 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტის შესახებ.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 ოქტომბრიდან ხერსონის ოლქში 29 დასახლება გაათავისუფლა.