
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ სამიტს მოლდოვა უმასპინძლებს
06/10/2022 20:35:58 ევროპა
პრაღის შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა – მოლდოვა უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დაანონსებული იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა.
ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დღის წესრიგში იყო რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირის წინაშე მდგარი ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევები.
სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს. პაკეტი მოიცავს ნავთობის დადგენილ ზღვრულ ფასზე ძვირად ტრანსპორტირების აკრძალვას, ასევე შეზღუდვას ფოლადის ნაწარმის, პლასტმასის და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე. რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული „კრიპტოსაფულის“ გამოყენება.