
უკრაინის სარდლობა ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს
07/10/2022 08:59:47 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 7 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, ფრონტზე არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმები ვიემკას, კრასნოიეს, ბახმუტის, მაიორსკის, ვესელოეს, პობედას, ნეველსკოეს, კამენკასა და ტერნოვიე პოდის დასახლებებში“, - ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინის შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა განახორციელეს 8 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა, 70-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. მტრის სამმა საკრუიზო რაკეტამ X-22 ვერ მიაღწია მიზნებს.
ამასთან, უკრაინის სარდლობის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ძალების ავიაციამ 23 დარტყმა განახორციელა და დადასტურდა საყრდენი პუნქტის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 15 უბანის, მტრის 7 საზენიტო სარაკეტო სისტემის განადგურება.
„გარდა ამისა, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა სხვადასხვა მიმართულებით ჩამოაგდეს მტრის 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორისაა - 5 „ორლან-10“, 15 „შაჰიდ-136“ და 1 „მოჰაჯერ-6“. გასული 24 საათის განმავლობაში სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დაარტყეს ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ხუთ უბანს, საჰაერო თავდაცვის ხუთ პოზიციას, ორ საარტილერიო დანაყოფს, საბრძოლო მასალას და გადასასვლელს“, - აცხადებენ გენშტაბში.
რუსული მხარე ზარალის შესახებ არ საუბრობს.
გენშტაბი ასევე იტყობინება, რომ ოკუპირებულ დონბასში ციხეებიდან მობილიზებული 500 პირი ჩავიდა.
„ახლად ჩამოსული ქვედანაყოფების მეთაურად დაინიშნენ ოფიცრები ყოფილი რუსი ძალოვანებიდან. რუსეთის ჯარების სარდლობამ გასცა ბრძანება ყველა ჩამოსულისთვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევის შესახებ“, - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.
გარდა ამისა, უკრაინის სარდლობის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 350 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან ყველაზე მეტი კრამატორსკის და კრივოი როგის მიმართულებით.
ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა დაკარგეს დაახლოებით 61 600 ჯარისკაცი – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა:
- ტანკი – 2466 (+17 ბოლო 24 სათში),
- ჯავშანტექნიკა – 5093 (+29),
- საარტილერიო სისტემა – (+31),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 344,
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 177,
- საბრძოლო თვითმფრინავი – 266,
- ვერტმფრენი – 233 (+1),
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1067 (+20),
- გემი/ნავი –15,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3862 (+8),
- სპეცტექნიკა –135 (+1),
- ფრთოსანი რაკეტა – 246.