
ლიმანთან რუსული ჯარების შტაბის და „მნიშვნელოვანი დოკუმენტების“ აღმოჩენის შესახებ იუწყებიან
07/10/2022 13:22:44 ევროპა
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო იტყობინება, რომ დონეცკის ოლქში, ლიმანის მახლობლად, დეოკუპირებულ იაცკოვკაში იპოვეს რუსი სამხედროების შტაბი „მნიშვნელოვანი დოკუმენტაციით“.
„რუსებმა თავიანთი შტაბი ერთ-ერთ კერძო სახლში შექმნეს. შენობაში ნაპოვნია ტყვეების და უკანონოდ დაკავებულთა სიები. ასევე ნაპოვნია დოკუმენტები იმ პირთა მონაცემებით და სხვადასხვა თანამდებობების კანდიდატებით, რომლებმაც გადაწყვიტეს დამპყრობლებისთვის მუშაობა მიტაცებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების სახელმწიფო ბიურომ დასძინა, რომ ისინი სწავლობენ აღმოჩენილ მტკიცებულებებს და აგრძელებენ „სტაბილიზაციის ღონისძიებებს“ დეოკუპირებულ ლიმანში.
4 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი კვირის განმავლობაში ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში ათობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. მან ასევე დაადასტურა ხერსონის ოლქის რვა დასახლების განთავისუფლება.
რუსულმა მხარემ ირიბად დაადასტურა თავისი ძალების უკანდახევა ხერსონის რაიონში 30 კილომეტრით.