
"პროკურატურა არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა"
16/10/2019 14:45:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა „ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა".
„საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე არის სასამართლოში, მობრძანდით სასამართლოში და იქ გავაგრძელებთ კომენტარების გაკეთებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.
გენერალური პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საგამოძებო უწყებისთვის მიწერილი წერილი გამოაქვეყნა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა და მიიჩნია, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა”.
„ამასთან, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის - თაღლითობის არსებობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.