
სააკაშვილი „ვივამედის" ხელმძღვანელს მიმართავს, ამერიკელ ექიმს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების საშუალება მისცეს
07/10/2022 14:07:47 პოლიტიკა, სამართალი
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აქტიურმა მხარდამჭერმა, იურისტმა გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ექსპრეზიდენტის წერილი, რომელშიც ის მიმართავს კლინიკა „ვივამედის" გენერალურ დირექტორს, სადაც ამჟამად სამკურნალოდ იმყოფება. წერილის თანახმად, სააკაშვილი მოითხოვს, ექიმს საშუალება მისცენ, მას ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს.
„ჩემი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია, მოგიწოდებთ, ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება. მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა. გთხოვთ პასუხი გამცეთ დღესვე, თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა”, - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, რომელმაც შვილი კლინიკაში მოინახულა, განაცხადა, რომ მას ამის უფლება კანონით აქვს მინიჭებული. „კლინიკის დირექტორმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, დღის მანძილზე უნდა დავინახოთ შედეგი. იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება”, - თქვა გიული ალასანიამ.
როგორც სააკაშვილი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, ამერიკელ ექიმს ჯეიმს კობის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი ეთქვა.
სააკაშვილის ინტერესების დამცველი კლინიკას არ ეთანხმება და სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
„დღეს ჩვენდა გასაკვირად მივიღეთ პასუხი კლინიკის დირექტორისგან, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს არაფერი განსაკუთრებული არ სჭირს და არ ესაჭიროება მსგავსი ტიპის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც გაუგონარი ფაქტია. ჩვენ ამ დოკუმენტს არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ სასამართლოში, უფრო მეტიც გავასაჯაროებთ თუ რა მკურნალობა უტარდება სააკაშვილს ,,ვივამედის” კლინიკაში, მას არ უტარდება ადეკვატური მკურნალობა”, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.