
#ყირიმიჩვენიაღარაა?: რას ულოცავდნენ პუტინს კიმ ჩენ ინი, ლუკაშენკო, ბჟანია და გაგლოევი
09/10/2022 23:14:34 კონფლიქტები
7 ოქტომბერი. პუტინს 70 წელი შეუსრულდა. რუსულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა, სკოლებმა, ბაღებმა ათობით ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს: ბავშვები დიქტატორს იუბილეს ულოცავენ, მისი პირადი “სიდიადისა” და “რუსეთის უძლეველობის” შესახებ ლექსებს უძღვნიან. მადლიერების გამომხატველი პლაკატებით ხელში დგანან ხერსონის ოლქის ქალაქ სკადოვსკის მოსწავლეებიც კი, რომელთა მშობლები სულ ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა დახვრეტის წინ აწამეს:
8 ოქტომბრის დილა. ყირიმის ხიდი აფეთქებულია! - ამით ხსნის საინფორმაციო გამოშვებებს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წამყვანი მედიასაშუალება. და მართალია, ხიდის ჯერ მხოლოდ ნაწილია აფეთქებული, მაგრამ ესეც საკმარისია იმ რეალობის გასააზრებლად, რომ პუტინის პროპაგანდისტული ნარატივი #КРЫМНАШ (#ყირიმიჩვენია) რუსული გემივით იძირება, ისევე, როგორც მოსკოვის მთელი სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა.
კრემლი ჯერ კიდევ არ ეშვება “სახის შენარჩუნების” მცდელობებს და თავის უკრაინულ დანაშაულს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგაც კი “სპეცოპერაციად” მოიხსენიებს. არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ არ არსებობს მობილიზაცია ომის გარეშე, ისევე, როგორც მობილიზაცია სპეცოპერაციისთვის, არც სპეცოპერაცია, რომელსაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება და არც “სამი დღე, მაქსიმუმ კვირა”, რომელიც უკვე შვიდ თვეზე მეტია, გრძელდება.
მთელს ამ წინააღმდეგობებს რომ ჩაუღრმავდეს, ნებისმიერი საღად მოაზროვნე, მაგრამ პროპაგანდით გზააბნეული რუსი ჭკუიდან შეიძლება, გადავიდეს. ზოგს აქ იუმორი შველის – ანეკდოტები და ხუმრობები პუტინის “მსოფლიოში მეორე ჯარისა” და იმ “არგუმენტების” შესახებ, რომლითაც კრემლი მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი შეჭრის დანაშაულში თავის მართლებას ცდილობს. რუსულ ინტერნეტ-ჯგუფებში ბოლო დროს ხშირად წააწყდებით, მაგალითად, მსგავს ანეკდოტებს: “პუტინი ირწმუნება, რომ არა უკრაინას, არამედ ნატო-ს ეომება. და როგორ მიდის ომი? - რუსეთმა უკვე 50 ათასზე მეტი მეომარი და უამრავი ტექნიკა დაკარგა. ნატო-მ? - ნატო-ს ომი ჯერ არ დაუწყია”. სხვანი, ვისაც იუმორისთვისაც კი აღარ სცხელა, იხსენებენ გენიალური თანამემამულეების სიტყვებს, რომლებიც ამჟამინდელ ომამდე ბევრად ადრე დაიწერა:
ანდაც, მაგალითად, ასეთს:
და მართლაც, ვერავინ გაუკლავდებოდა რუსეთის დაშლას ისე ეფექტურად, როგორც დღეს პუტინი. ვერც ერთმა "კოლექტიურმა დასავლეთმა" თუ "ხრწნადმა ევროპამ" ვერ მიაღწია იმას, რომ ასობით ათასმა რუსმა მამაკაცმა ერთსა და იმავე დღეს მიატოვა ოჯახები, სახლები, ქონება და ერთი ზურგჩანთით გაიქცა ქვეყნიდან. დიდი ხანია, აღარავის “აუგიზგიზებია” კავკასია (თუ კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს დავესესხებით) ასე: ჩეჩნეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, - ყველგან ვიხილეთ მიტინგები, პოლიციასთან შეტაკებები, დაკავებები. მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს ომი არ სჭირდებათ და რომ "შაჰიდები პუტინისთვის არ კვდებიან". ბაშკირეთი კი – ერთ-ერთი რესპუბლიკა, საიდანაც უკრაინაში “საზარბაზნე ხორცად” ყველაზე მეტი ახალგაზრდა გაგზავნეს, საერთოდაც “იმპერიის საზღვრებში ეროვნული რესპუბლიკების ძალით შეკავებაზე” ალაპარაკდა. დიახ, არაფერი წყვეტს თვითიდენტიფიკაციის საკითხებს ისე ეფექტურად, როგორც დილემა, გაწირო თუ არა სიცოცხლე ქვეყნისათვის, თუ იგი ტყუის.
“რუსეთის მოქალაქეობა აღარავის სურს, რუსებსაც კი. თუმცა უნდოდათ კი ოდესმე? იყო კი რუსეთი ოდესმე მაინც სახელმწიფო იმგვარი ინსტიტუციებით, რომლებიც არა რეპრესიებსა და დიქტატორების ამბიციების დაკმაყოფილებაზე, არამედ მოქალაქეთა ინტერესებზე იყვნენ ორიენტირებული?” - წერენ სოცქსელების რუსულ სეგმენტში.
“ჯანდაბას კორუფცია, თვითნებობა და დაუსჯელობა. მაგრამ 22 წლის განმავლობაში პუტინმა რუსეთი სრულფასოვან ფაშისტურ საელმწიფოდ აქცია – სწორედ იმად, რაშიც ამ დრომდე უტიფრად და ცინიკურად ადანაშაულებს უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი დანაშაულის გადასაფარად. სწორედ პუტინის რუსეთშია სადღეისოდ სახეზე ფაშიზმის ყველა ნიშანი: უკიდურესი ავტორიტარიზმი, სახელმწიფოს პირად კორპორაციად ქცევა, სადაც ხელისუფლების უკლებლივ ყველა შტო უზენაეს მმართველს ექვემდებარება, სხვა ერებთან მიმართებაში უპირატესობის იდეა და ახალ-ახალი ტერიტორიების დაპყრობისკენ სწრაფვა, ტოტალური პროპაგანდა, რომელიც აჯერებს მოსახლეობას, რომ ქვეყანა მტრების ალყაშია, ნებისმიერ ოპოზიციასა და თავისუფალ აზრთან ბრძოლა და ა.შ.” - წერენ დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები.
რიტორიკა უკვე კრემლის წამყვანმა პროპაგანდისტებმაც კი შეცვალეს. ისინი აღიარებენ, რომ უკრაინაში შეჭრილი პროფესიონალი რუსული ჯარის უდიდესი ნაწილი გაცამტვერებულია, ხოლო პუტინის ამჟამინდელი მცდელობები, შეკრიბოს ახალი – სამოყვარულო ჯარი, დიდ სირთულეებს აწყდება: რუსეთის ასობით ათასი მოქალაქე უკვე გაექცა მობილიზაციას მეზობელ ქვეყნებში, დარჩენილებს კი არანაკლები პრობლემები აქვთ მოტივაციის კუთხით, ისევე, როგორც ელემენტარული მომზადებისა და აღჭურვის მიმართულებით. საკვები, ეკიპირება, ამუნიცია – ეს ყველაფერიც კი უბრძანეს, თავად შეიძინონ, რათა ჭამონ, ჩაიცვან და უკრაინაში გაემგზავრონ პუტინისა და მისი “რუსული სამყაროსთვის” სიცოცხლის გასაწირად. ზოგიერთი მობილიზებული ჯერ კიდევ ფრონტზე მოხვედრამდე – რუსულ “მოსამზადებელ ცენტრებში” იღუპება, სხვანი უკრაინისკენ გზად მატარებლებიდან ხტებიან.
“გავაცამტვერეთ პროფესიონალები – გავაცამტვერებთ მოყვარულებსაც” – პირობა დადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში და დანაპირების შესრულებას უკვე შეუდგნენ: პირველი მობილიზებულები, რომლებიც რუსეთმა ფრონტზე ყოველგვარი დაპირებული მომზადების გარეშე გადაისროლა, უკვე იქცნენ ე.წ. “ტვირთ-200”-ად. პრეზიდენტი ზელენსკი კი ურჩევს ფრონტზე ჯერ არგადასროლილ რუსებს, სხეულებზე სვირინები დაიტანონ სამომავლო ამოცნობისთვის, რადგან ოკუპანტები ბოლო დროს ბრძოლის ველიდან ისე გარბიან, მობილურ კრემატორიუმებში დაღუპულთა დაწვას ვეღარ ასწრებენ.
ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის მსგავსი “წარმატებულობისა” და რუსულ რეგიონებში მარტივად შესაძლებელი ბუნტის გათვალისწინებით, კრემლმა გადაწყვიტა, პროცესში ჩაერთო არარუსულები, მაგრამ “მეგობრულები”– ბელარუსისა და მის მიერ არაღიარებული აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სახით. მაგრამ აქაც რთულად აღმოჩნდა საქმე: თუ დე ფაქტო მმართველები საკუთარ მერკანტილურ ინტერესებში ჯერ კიდევ მზად არიან, კრემლს ყველა სურვილი უსრულონ, ხალხში უმრავლესობა სულაც არაა მზად პუტინის იმპერიალისტური პროექტისთვის ახალგაზრდების სიცოცხლის შესაწირად.
ამასობაში უკრაინის დეოკუპაცია გრძელდება. ყირიმის ხიდი იწვის. სანამ პუტინი მისი ჩამოგდების გადავადების იმედით ისტერიულად აფორმებს უკრაინული მიწების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში “მიღების” შესახებ ქაღალდებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს “რუსეთის შემადგენლობიდან” სულ უფრო მეტი ტერიტორია გამოჰყავთ. რუსული ეკონომიკა - ისევ და ისევ პუტინის იპერიალისტური ავანტიურის წყალობით - დაემსგავსა ცათამბჯენიდან ჩამოვარდნილ კაცს, რომელიც მოფრინავს და გაჰყვირის, “ჯერ ყველაფერი კარგადააო”. თავად რუსეთი კი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაშია, რაზეც ბევრ სხვა ფაქტთან ერთად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადენლის – ვასილი ნებენზიას მარტოსულად აწეული ხელიც მეტყველებს და ახალი ევროპული პოლიტიკური ერთობის ამასწინანდელი პირველი სამიტიც თემაზე “ახალი წესრიგი რუსეთის გარეშე”.
აი, ასეთ მძიმე ფონზე შეხვდა პუტინი თავის 70-ე იუბილეს. რუს ლიდერს წერილობით მიულოცეს მხოლოდ მათ, ვინც მას დიქტატურისა და იზოლირებულობის ხარისხში ეჯიბრება – ჩრილოდეთ კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა და ბელარუსის ნახევრადლეგიტიმურმა ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. თუმცა არა, მათ კამპანიაში აღმოჩნდნენ ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ლიდერები ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი. ამ უკანასკნელებს თავისი ხალხები კვლავინდებურად რუსული გემის კურსით მიჰყავთ - დღესაც კი, როცა რუსეთი (რომელთან მრავალწლიანი “სტრატეგიული პარტნიორობის” შედეგად ვერც სოხუმმა, ვერც ცხინვალმა ვერაფერი მიიღეს საკუთარი “დამოუკიდებლობის” განსამტკიცებლად და მხოლოდ მოსკოვზე სრულად დამოკიდებულ ტერიტორიებად იქცნენ) უკვე აღარც მალავს თავის ანექსიურ ზრახვებს და აფხაზებსა და ოსებს პუტინის ალბათ ბოლო, იმთავითვე განწირულ პროექტში - “საკავშირო სახელმწიფოში” ითრევს. მასში შესვლა კი, ცხადია, დიდად არაფრით განსხვავდება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლისგან.
მოვიყვან ამონარიდებს მისალოცი წერილებიდან:
“თქვენს პრეზიდენტობას უკავშირდება ღრმა პოზიტიური ძვრები და ის მართლაც შთამბეჭდავი წარმატებები, რომელსაც რუსეთმა მიაღწია, დაიბრუნა რა საერთშორისო არენაზე ლიდერობა”, – ალან გაგლოევი;
“თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთის მრავალეროვანი ხალხი ღირსეულად პასუხობს გლობალურ საფრთხეებსა და გამოწვევებს. თქვენ თანამედროვეობის ყველაზე გავლენიანი მსოფლიო ლიდერების რიცხვს განეკუთვნებით და სარგებლობთ რუსეთის მოქალაქეთა ურყევი მხარდაჭერით” – ასლან ბჟანია.
ნეტა თავად მაინც თუ სჯერათ ამის? და დაიჯერა კი ის, რომ მათ ამის სჯერათ, პუტინმა – იმპერიული სენით მძიმედ შეპყრობილმა დაბერებულმა დიქტატორმა, რომელმაც თავად მოიმწყვდია თავი ჩიხში და ახლა, გრძნობს რა დასასრულის სიახლოვეს, სასოწარკვეთისგან მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება?
ეკა ცანავა