
უკრაინის გენშტაბმა მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს რუსეთის დანაკარგების შესახებ მონაცემები დააზუსტა
10/10/2022 15:38:58 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 10 ოქტომბერს განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს რუსეთის დანაკარგების შესახებ მონაცემები დააზუსტა.
"რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა 84 საკრუიზო რაკეტა, 24 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 13 ირანული შაჰიდ-136 იყო. განადგურდა [უკრაინელების მიერ] 56 სამიზნე. მათ შორის არის 43 საკრუიზო რაკეტა და 13 უპილოტო საფრენი აპარატი (აქედან 10 კამიკაძეს ტიპის)“, - აცხადებენ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 47 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ჯარებს ორი სამიზნე აქვთ - ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხალხი. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა 11 „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი“ 8 რეგიონსა და კიევში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მასიური დარტყმები უკრაინაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ამავე დროს, ის იმუქრება ახალი თავდასხმებით „რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში“.
უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მასიური დარტყმების ფონზე გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას ოთხი IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს "უახლოეს დღეებში" გადასცემს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის მასიური თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას "რამდენადაც საჭიროა".