
„ეს პირადად პუტინს შეეხება“: რა დაკარგა რუსეთმა ქერჩის ხიდზე აფეთქების შედეგად
11/10/2022 07:56:07 ევროპა
8 ოქტომბერს ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 200-500 მილიონ რუბლს შეადგენს, - განაცხადა რუსეთის მზღვეველთა კავშირმა ინციდენტიდან მალევე. მას დეტალებზე არ უსაუბრია (რა სახის ზარალზეა საუბარი:მხოლოდ დაზიანებულ კომუნიკაციებზე და ინფრასტრუქტურაზე თუ სხვა რამეზე), შესაბამისად, მის ობიექტურობაზე საუბარი რთულია, მაგრამ ექსპერტები პოლიტიკურ და სამხედრო შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ქერჩის ხიდზე აფეთქება და ხანძარი 8 ოქტომბერს დილით დაფიქსირდა. მალე რუსულმა წყაროებმა აჩვენეს საავტომობილო ხიდის დანგრეული მონაკვეთი. ეს ხიდი რუსეთს ოთხი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. რუსეთის ხელისუფლებამ ის ცალმხრივად ააშენა - უკრაინასთან შეთანხმების გარეშე და ითვლებოდა ვლადიმირ პუტინის საამაყო პროექტად. რუსეთი ამგვარად ცდილობდა ანექსირებული ყირიმის ინტეგრირებას თავის სივრცეში და რეგულარული სატრანსპორტო კავშირების დამყარებას ნახევარკუნძულთან. ხოლო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ქერჩის ხიდმა დაიწყო საკვანძო სამხედრო როლის შესრულება: მისი მეშვეობით რუსეთი რეგულარულად გადაჰქონდა სამხედრო ტექნიკა და გადაჰყავდა სამხედრო პერსონალი უკრაინის სამხრეთ რეგიონების დასაპყრობად.
ქერჩის ხიდზე მომხდარმა აფეთქებამ, სამხედრო ექსპერტებისა და ბრიტანული დაზვერვის აზრით, მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს რუსეთის სამხედრო აქტივობა ფრონტის სამხრეთ მიმართულებით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა კონტრშეტევას აწარმოებენ. უშუალოდ ინციდენტთან დაკავშირებით დომინირებს სამი ვერსია: კრემლი ამბობს, რომ ავტომობილი აფეთქდა; დარტყმა უშუალოდ ზღვიდან; კომბინირებული ოპერაცია. უკრაინას ოფიციალურად არ უღიარებია აფეთქებასთან კავშირი, თუმცა პუტინმა აღიარა, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე მასიური საჰაერო შეტევა ქერჩის ხიდის გამო მოხდა. ამასთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი საჰაერო იერიშებს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებამდე გეგმავდა:
”სავარაუდოდ, ეს იყო ის, რასაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებამ დააჩქარა მათი ზოგიერთი გეგმა. ამ მასშტაბის თავდასხმები რამდენიმე დღეში ვერ დაიგეგმებოდა“.
სამხედრო ფუნქციის გარდა, ქერჩის ხიდი მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლსაც ასრულებს. ეს არის ნახევარკუნძულზე საკვების, საწვავის და სხვა რესურსების მიწოდების ერთადერთი წყარო უკრაინის დანარჩენი ტერიტორიიდან მიწოდების შეწყვეტის შემდეგ. და მისი მწყობრიდან გამოყვანა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე არა მხოლოდ ანექსირებულ ყირიმში, არამედ მეზობელ რუსეთშიც.
„ქერჩის ხიდზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ძირითადი ზიანი არაპირდაპირია და დამოკიდებულია მასზე ტრანსპორტირების ლოგისტიკის ცვლილებებზე, ნაკადის შენელებაზე, შესაბამისად, მათი ზარალის დათვლა ახლა მხოლოდ პირობითად შეგვიძლია. გარდა ამისა, ხიდზე აფეთქება მნიშვნელოვნად აისახება არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ აგრესორის სამხედრო ლოგისტიკაზეც“სადაც, ზოგადად, რთულია რუსეთის ხელისუფლებისთვის დანაკარგების მატერიალური ოდენობის განსაზღვრა“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი ყირიმში, ექსპერტი ბორის ბაბინი.
თავად კრემლი ზარალზე არ საუბრობს, მაგრამ როგორც მედია წერს, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ასეული მილიონი რუბლი გადაიხადა ქერჩის ხიდის მოვლა-პატრონობისა და უსაფრთხოებისთვის.
რუსული სახელმწიფო შესყიდვების პორტალის თანახმად, მარტში ფედერალურმა დაწესებულებამ – ფედერალურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „ტამანმა“ დახარჯა 600 მილიონ რუბლზე მეტი, მათ შორის, ქერჩის ხიდის საავტომობილო ნაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ეს სერვისი შეძენილია რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების "ტრანსპორტში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტეგრირებული სისტემის შექმნის შესახებ" და ფედერალური კანონის "ტრანსპორტის უსაფრთხოების შესახებ" ფარგლებში. ტენდერის ფარგლებში ხიდს უნდა მიეღო უსაფრთხოების სისტემები: სიგნალიზაცია, დაშვების კონტროლისა და მართვის სისტემა, გამაფრთხილებელი და ელექტრომომარაგების საშუალებები, ასევე სანაპირო ზოლის დაცვის სისტემა. ამ ტენდერის ფარგლებში მომსახურებას წევდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის ფედერალური სახელმწიფო საწარმო.
რა დაჯდება ხიდის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები, რთული სათქმელია. რუსეთის ხელისუფლებას დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა ხიდზე აფეთქების შედეგად რუსეთისთვის მიყენებულ ზარალს უნდა დაემატოს საბორნე გადასასვლელის მუშაობის განახლების ხარჯები.
ამასთან, იმის შესახებ, თუ როგორ ინარჩუნებდა რუსეთი ქერჩის ხიდის უსაფრთხოებას, პროცესზე დამკვირვებლები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას: ხიდის ირგვლივ შავი ზღვის აკვატორია მშენებლობის დაწყებიდან გადატვირთულია სამხედრო ობიექტებით. რუსეთის ხელისუფლებამ იქ განათავსა სამხედრო ხომალდები და რადიოტექნიკური სისტემები, ხიდის შესასვლელებთან საგუშაგოები იყო მოწყობილი მანქანებისა და მოქალაქეების შესამოწმებლად.
როგორც რუსეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა, ხიდს არმია და სპეცსამსახურები, სამხედრო ხომალდები და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სპეცრაზმი იცავდა. თუმცა, ხიდის ხელშეუხებლობის შესახებ ილუზია უარყო რეალობამ: 8ოქტომბერს, პუტინის იუბილის მეორე დღეს, სოციალური ქსელი მოიცვა მოგიზგიზე ხიდის კადრებმა. და როგორც ბრიტანული დაზვერვა ფიქრობს, რუსეთისთვის ამასაც აქვს თავისი ფასი:
„ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, პირადად შეეხება პრეზიდენტ პუტინს. ინციდენტი მისი 70 წლის იუბილედან რამდენიმე საათში მოხდა. პუტინმა პირადად იზრუნა ხიდზე და გახსნა, ხოლო მისი ბავშვობის მეგობარი არკადი როტენბერგი სამშენებლო კონტრაქტორი იყო. ბოლო თვეების განმავლობაში პუტინის ყოფილი მცველი, ახლა კი ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი საჯაროდ არწმუნებდა, რომ ხიდი უსაფრთხო იყო“.
მაინც ვინ დგას აფეთქების უკან, ამ ეტაპზე უცნობია. რუსი კრიტიკოსების ხედვით, ამაში შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ თავად რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც, სავარაუდოდ, კონფლიქტში არიან რუს სამხედროებთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. ამ კონტექსტში ისინი ყურადღებას ამახვილებენ ნორტ–ოსტის და ბესლანის ტრაგედიებზეც და მათთან რუსი სპეცსამსახურების შესაძლო კავშირზე.