
თელავში ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
11/10/2022 13:48:50 სამართალი
თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ჩადენილს ნანობს.
სხდომაზე ბრალდების მხარემ დანაშაულის სიმძიმეზე და ბრალდებულისგან მოსალოდნელ საფრთხებზე ისაუბრა, რის გამოც პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა და არ ეთანხმებოდა სახელმწიფო ბრალმდებელს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე.
შემდეგი სასამართლო სხდომა 22 ნოემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელსაც თელავში მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა ედება ბრალად, 4 ოქტომბერს, ცოლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულის დაკავება უკანონოდ ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა მეუღლეს, რასაც საბოლოოდ მკვლელობა მოჰყვა.