
„რუს სამხედროებს ზამთრის გადატანა ძალიან გაუჭირდებათ“: ვისზე მუშაობს დრო
11/10/2022 14:57:32 ანალიზი
10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასიურ საჰაერო იერიშს პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქების პასუხად განიხილავს, რომელიც არს ისე ხელშეუხებელი აღმოჩნდა, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები ირწმუნებოდნენ; ხოლო ნაწილი უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევის, თუმცა სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან, რომ აქ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური შემადგენელი მეტია, ვიდრე სამხედრო და რომ ეს ფრონტის ხაზზე რუსულ არმიას ვერაფრით დაეხმარება.
„სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებს სამხედრო ღირებულება არ ჰქონია და ვერც ექნება. ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები ამ და სხვა ომშიც სამოქალაქო ობიექტებს უფრო აზიანებს, რადგან სამხედრო ძალები მუდმივ მოძრაობაში არიან, არიან დეცენტრალიზებულნი, გაშლილი – მცირე ქვედანაყოფებად და მათზე ამგვარი დარტყმებით დიდი დანაკარგების მიყენება შეუძლებელია. ამდენად, მსგავს დარტყმებს უფრო ფსიქოლოგიური ტერორის ხასიათი აქვს, რომ მოქალაქეებში და სამხედროების ნაწილში საბრძოლო სულისკვეთება გატეხონ“,– „აქცენტთან“ სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი.
მასიური შეტევის შემდეგ უკრაინაში განაცხადეს, რომ მტერი პასუხს ფრონტის ხაზზე მიიღებს და „გუშინ უკრაინულმა არტილერიამ HIMARS–ებისა და M270 MLRS–ების გამოყენებით საკმაოდ სერიოზული წერტილოვანი დარტყმები მიაყენა რუსული რეაქტიული არტილერიის პოზიციებს, დიდი რაოდენობის გრადები იქნა განადგურებული აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე. ამგვარი იყო პასუხი უკრაინის მხრიდან“,– აღნიშნავს ინაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები გაგრძელდება.
„უკრაინას ახლა ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად სჭირდება მაღალტექნოლოგიური საზენიტო არტილერია“
10 ოქტომბრის მასიურმა სარაკეტო თავდასხმამ უკრაინის ცის დაცულობის საკითხი კვლავ გახადა აქტუალური, მით უფრო, რომ ზამთრის პირობებში კლიმატური პირობების გამო აქტიური შეტევითი ოპერაციების შეჩერების კვალდაკვალ მსგავსი იერიშების შენარჩუნებას პროგნოზირებენ. ელიან, რომ რუსეთი გამოიყენებს როგორც საბჭოთა წარმოების, ისე თანამედროვე რაკეტებს, რომლის გარკვეული მარაგიც მას ჯერ კიდევ რჩება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამჟამად უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები არ აქვს და ის, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით უკრაინის ტერიტორიაზე 10 ოქტომბერს გაშვებული რაკეტების 50%–ის ჩამოგდება შეძლეს, სპეციალისტების მაღალკვალიფიციურობაზე მეტყველებს.
„უკრაინას ახლა ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად სჭირდება მაღალტექნოლოგიური საზენიტო არტილერია. ეს შეიძლება, იყოს გერმანული ერლიკონ სკაიშილდები ან მანტისები, ან ამერიკული MK–15 PHALANX - ეს არის 20 მილიმეტრიანი საზენიტო სისტემა, რომელსაც ძალიან მცირე ზომის და დაბალი რადიოლოკაციური არეკვლის მქონე სამიზნეების აღმოჩენა და ჩამოყრა შეუძლია. ამ სისტემებით ძალიან ეფექტურად შეიძლება სტრატეგიული ობიექტების და მიმართულებების დაცვა იგივე ფრთოსანი რაკეტებისგან. რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, მისგან დასაცავად უკრაინას სჭირდება Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები PAC-3 მოდიფიკაციებში. ეს არის აერობალისტიკური სამიზნეების ჩამოყრაზე გათვლილი სპეციალური რაკეტა. ადრე თუ გვიან მას უკრაინა მიიღებს. არის ამაზე საუბარი და ეს სერიოზულად დაიცავს უკრაინის საჰაერო სივრცეს უკვე კონკრეტული სარაკეტო საფრთხის მიმართ“,– ფიქრობს გიგა ინაშვილი.
სტაბილურად მძიმე, თუმცა უკრაინელების უპირატესობით
ამჟამად მცირე ტაქტიკური შეტევებით უკრაინელები ხერსონის მიმართულებაზე იბრუნებენ ტერიტორიებს და აღმოსავლეთშიც ნელ–ნელა მიიწევენ წინ ლისიჩანსკი–სევეროდონეცკის მიმართულებაზე, რომ შემდეგში უკვე ლუგანსკის ტერიტორიის გასათავისუფლებლად შეიქმნას პლაცდარმი“,– ამბობს ინაშვილი.
პროცესზე დამკვირვებლების მხრიდან როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის ერთ–ერთ სტრატეგიულ მიმართლებად სახელდება ხერსონი.
„ვინც ხერსონს გააკონტროლებს, ის გააკონტროლებს უკრაინის სამხრეთის მიმართულებას. თუ უკრაინელები ხერსონს გაწმენდენ, შემდგომში ექნებათ გარკვეული პლაცდარმი, მოახდინონ გაჭრა ყირიმზე და ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე დაიწყონ მუშაობა. სამხრეთ მიმართულების გაწმენდა კი ვერ მოხდება ხერსონის აღებამდე. ამჟამად ტაქტიკური ოპერაციები ხორციელდება ხერსონის მიმართულებაზე. უკრაინელები ახლოს არიან ქალაქთან, მაგრამ მანამდე არის გაშლილი ტერიტორიები გასაწმენდი რუსებისგან, რის შემდეგაც სავარაუდოა, რომ ეს ძალები თავს მოიყრიან ქალაქში, მაგრამ თუ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იქნებიან, შესაძლოა, ქალაქიც დატოვონ. ვფიქრობ, უკრაინის მიერ ქალაქ ხერსონის დაბრუნების შემდეგ ძალიან სწრაფად გაიწმინდება სამხრეთის მიმართულება: აქ რელიეფი არაა იმგვარი, ხანგრძლივი თავდაცვითი ოპერაციები აწარმოონ რუსულმა ძალებმა. ეს ადგილი სავსეა ჭაობებით და რეალურად, იქ ბრძოლა და თავდაცვით პოზიციაში გამაგრება მხოლოდ დასახლებულ პუნქტებშია შესაძლებელი – ხერსონი – ნოვა–კახოვკას მიმართულებაზეა საუბარი.
დონეცკის მიმართულებაზე კი რუსებს ჯერ ისევ აღმატებული ძალები ჰყავთ უკრაინელებთან შედარებით. რიგ შემთხვევებში უკრაინელებს პოზიციების გამაგრება უჭირთ და შეტევით ოპერაციებზე ცხადია, არაა საუბარი“.
ჯამში, მისი შეფასებით, ფრონტის ხაზზე ვითარება სტაბილურად მძიმეა, თუმცა უპირატესობა, გარკვეულ ასპექტებში, დიდწილად, უკრაინელების მხარესაა, მაგრამ გარდამტეხი მომენტი ჯერ–ჯერობით არ დამდგარა. ამ გარდამტეხ მომენტს ის უფრო მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში ელის, როდესაც უკრაინაში „ლენდლიზის“ პროგრამით მოხდება დამატებითი სამხედრო ტექნიკის ჩატანა და მათი დაკომპლექტება გაწვრთნილი ეკიპაჟებით, დესანტით.
„იყო ინფორმაცია, რომ იწყება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ევროპის ქვეყნები მოამზადებენ 45 000–იან უკრაინულ დაჯგუფებას. რა თქმა უნდა, ეს ეტაპობრივად ქვედანაყოფებად იქნება ჩაშლილი. ტექნიკით დაკომპლექტებულ ამ ძალას ექნება სერიოზული რესურსი, კონკრეტულ მიმართულებაზე მოახდინონ სერიოზული გარღვევა მომავალი წლის ზაფხულისკენ. მანამდე მომზადდებიან და შემდეგ დაკომპლექტდებიან „ლენდლიზის“ პროგრამით ჩატანილი ტექნიკით. ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული“.
ვისზე მუშაობს დრო
არაერთი დამკვირვებლის შეფასებით, რუსეთი ფსონს სწორედ რომ ზამთარზე დებს: ერთის მხრივ – ევროპისთვის შექმნილ ენერგოკრიზისზე, რომ ევროპული საზოგადოების წნეხი მთავრობებზე გაიზარდოს, ხოლო თავის მხრივ, ამ მთავრობებმა წნეხი კიევზე განახორციელონ; ხოლო მეორეს მხრივ, მკაცრ კლიმატურ პირობებში აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფაზა ბუნებრივად უნდა შეჩერდეს და ეცდება არსებული სტატუს –კვოს შენარჩუნებას.
ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარი სერგეი ლაგადინსკი (მან რუსეთი 1990–იან წლებში დატოვა და ამჟამად ევროპარლამენტში გერმანიას წარმოადგენს) ამბობს, რომ წინ ნამდვილად რთული პერიოდი იქნება, მაგრამ მოსკოვის ოცნებებს ახდენა არ უწერია.
ევროპარლამენტარი საკუთარი პოზიციის მხარდასაჭერად ყურადღებას ამახვილებს ევროპული მთავრობების გადაწყვეტილებების სიმყარეზე და მათ შორის, გერმანიაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე:
„ზამთარი როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკური მიმართულებით მკაცრი იქნება. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, იქნება თუ არა გაზი, არამედ იმაში, რა ფასად. ენერგომატარებლების გაძვირება ნამდვილად ურტყამს განსაკუთრებით გერმანულ ეკონომიკას. გერმანიაში შედარებით დაბალი იყო ელექტროენერგიის საფასური და ამიტომაც, მძიმე ინდუსტრიამ შეძლო ასე წარმატებულად განვითარება და იყო კონკურენტუნარიანი. ფასების ზრდის კვალდაკვალ ცხადია, კონკურენტუნარიანობა იკლებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი ჩამოგვეშლება, რაზეც ოცნებობენ მოსკოვში. ვითარება რთულია და რთული იქნება, მაგრამ საქმე ამაში არაა. უკეთესი იქნებოდა, კრემლში გაეაზრებინათ, თუ რამდენად მყარია ევროპული ქვეყნების და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების (მოსკოვის აგრესიისადმი კრიტიკულად განწყობილი ნაწილის) გადაწყვეტილება. პრინციპში, ეს რევოლუციური გადაწყვეტილებაა დემოკრატიისთვის, იმ იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ევროკავშირი მზადაა, მსხვერპლად გაიღოს თავისი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური და პრინციპში, დემოკრატიული სტაბილურობა იმისთვის, რომ ამ აგრესიის მსხვერპლების მხარეს დადგეს. ეს თავად ევროკავშირის ღირებულებებზე მეტყველებს. კი, იქნება სირთულეები, მაგრამ დააკვირდით გერმანიაში ჩატარებულ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს: გერმანელების უმეტესობა კვლავ ამბობს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას, თუნდაც ეს იმას ნიშნავდეს, რომ ზამთარი რთული იქნება“.
სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი კი დარწმუნებულია, რომ რთული ზამთარი ელით თავად რუს სამხედროებსაც და ის პრობლემები, რომელთაც თავი ჯერ კიდევ ომის პირველ ეტაპზე იჩინეს, მნიშვნელოვნად გამწვავდება:
„ზამთარში საბრძოლო ოპერაციების წარმოება რთულია, მით უფრო, იმგვარ რელიეფზე, სადაც ძალიან ყინავს. უმეტესად, სანგრებში მოუწევს ძალებს გამაგრება. იქნება პოზიციური ბრძოლები, საარტილერიო დუელები, გარკვეულ მიმართულებებზე შესაძლოა, სატანკო ქვედანაყოფებმაც იმუშაონ. ყინვაში განსაკუთრებით ბორბლებიან ტექნიკას უჭირს მოქმედება, მუხლუხიანს – ნაკლებად, თუმცა გააჩნია, როგორ მოახერხებენ ორგანიზებას და ზამთრის პირობებზე გადაწყობას. შეიძლება, მარტივად ითქვას, რომ რუსულ ძალებს ძალიან გაუჭირდებათ ამ ზამთრის გადატანა და პოზიციების გამაგრება, რადგან სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან – ელემენტარულად, ზამთრის სამოსიც კი არ აქვთ ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ქვედანაყოფებს და ამ პირობებში ტექნიკის გამართულობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ომის საწყის ეტაპზეც (თებერვალში) ჩანდა ეს პრობლემები და მით უფრო ახლა, როდესაც ლოგისტიკა, მომარაგება ერთ–ერთ მთავარ სისუსტედ იქცა რუსული ჯარისთვის უკრაინაში, კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს და ცხადია, საბრძოლო მოქმედებების შედეგებზეც იქონიებს გავლენას“.
ამას ემატება მძიმე მორალური განწყობა:
„წაგებულის ფსიქოლოგია აქვთ უკვე რუს ჯარისკაცებს და შეიძლება, ითქვას, გენერლებსაც. ამიტომაც შეცვალეს მორიგ ჯერზე მიმართულების სარდალი – ამ მეთოდებით ცდილობენ ვითარებიდან გამოსვლას. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ომში თავი იჩინა იმან, რომ დიდი ზომის შეიარაღებული ძალები მაღალი დონის ორგანიზების გარეშე განწირულია, მით უფრო, კორუფციის პირობებში. მაგალითად, შეერთებული შტატების არმიაში ლოგისტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და შესაბამისი რესურსებიც იხარჯება მასზე, განსხვავებულია საბრძოლო ორგანიზება. რუსულში ეს გაცილებით დაბალ დონეზეა და გამოჩნდა კიდეც“.
ინაშვილი დარწმუნებულია, რომ დრო უკრაინელებზე მუშაობს: შეიარაღება, რესურსები იქ შეუზღუდავად შედის აშშ–დან და ევროპიდან, რუსეთში კი არა
„ირანიდან რომ დაიწყებ დრონების ყიდვას და ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო საბრძოლო მასალებისას, ეს ნიშნავს რომ სერიოზული პრობლემა გაქვს შეიარაღებულ ძალებში“,– ასკვნის სამხედრო მიმომხილველი.