
რეზნიკოვი: "უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო”
12/10/2022 06:37:29 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, "უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო”
"უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქაა. აშშ-დან NASAMS-ები მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მეტი გვჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური აუცილებლობა, დავიცვათ უკრაინის ცა ჩვენი ხალხის გადასარჩენად"- წერს მინისტრი Twitter-ზე.
11 ოქტომბერს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს.
ამასთან, უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში უკრაინის მასშტაბით 29 რაკეტა გაისროლეს, საიდანაც 20 უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს.
„ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ერთი ბალისტიკური და ოცდარვა ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, აქედან 20 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს. მოწინააღმდეგემ განახორციელა ცამეტი საჰაერო დარტყმა და ორმოცზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. ამ დანაშაულებრივი ქმედებებით ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობა ორმოცზე მეტ დასახლებულ პუნქტში დაზარალდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მიზნით 14 ირანული „კამიკაძე“ დრონი გამოიყენა, აქედან 12 - განადგურდა.
გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის მასშტაბით საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ არსებობს.