აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების რაოდენობასა და მიზნობრიობას განმარტავს
12/10/2022 08:44:27 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების რაოდენობასა და მიზნობრიობას განმარტავს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა "აქცენტს" განუცხადა, აშშ საქართველოს გვერდით დგას 1991 წლიდან, თუმცა თბილისის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ.
"შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ძლიერი და უსაფრთხო დემოკრატიის აშენებაში. 1992 წლიდან აშშ-მა საქართველოს 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოუყო, რომელიც მოიცავდა ჰუმანიტარულ დახმარებას, შემოწირულობებს ნატურალური ფორმით, ათობით ათასი ქართველი ჯარისკაცის მომზადებას, საქართველოს ათასობით მოქალაქის გაგზავნას აშშ–ში კულტურულ, პროფესიულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ბევრ ინიციატივას ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ 1991 წლიდან - მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩვენი მეგობრობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდა 2008 წელს საქართველოში რუსეთის დაუსაბუთებელი შეჭრისა და ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20%–ის ოკუპაციის შემდეგ. მას შემდეგ ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, მხარი დავუჭიროთ ეკონომიკურ ზრდას, სამხედრო წვრთნას და პარტნიორობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლეთის სტანდარტის დემოკრატიული მომავლის დაცვაში", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ "აშშ-ის დახმარება მიმართულია ქართველი ხალხის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის კეთილდღეობაზე":
"ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს ქართველი ხალხის საჭიროებებისა და მისწრაფებების ხელშეწყობას, რათა მან შეძლოს, გააძლიეროს სისტემები და პროცესები, რაც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს და რეგიონული აგრესორების პირისპირ მყოფ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დაეხმარება".
გარდა ამისა, აშშ საქართველოს მთავრობას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები, კანონის უზენაესობა, რასაც დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა შეუწყოს ხელი. ყველა ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობისა და ხალხის გადასადგმელია, მაგრამ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზაზე".
როგორც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, "საბოლოო ჯამში, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება ხელს უწყობს მეგობრობისა და ურთიერთობის განმტკიცებას ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ცდილობენ, წინ წაიწიონ საერთო დემოკრატიულ გზაზე და ორმხრივ სარგებელს იღებენ ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობისა და მეგობრობისგან".
"ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება იყოს გამჭვირვალე, რომ ინფორმაცია იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი და ჩვენმა პროგრამებმა თითოეული ქართველის მომავლის გაუმჯობესება უზრუნველჰყოს", – დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
"აქცენტი" აშშ-ის მიერ სქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ ადრეც წერდა. საქართველოში რუსული სადეზინფორმაციო პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ წარმოადგენს, მოსკოვი აქტიურად ცდილობს იმ სიკეთეების დისკრედიტებას, რასაც საქართველო მისი დასავლელი პარტნიორისგან იღებს.
რუსულ პროპაგანდასთან თანხვედრაშია ბოლო პერიოდში რიგი ქართველი ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული ანტიამერიკული, კონსპირაციული განცხადებები. ამ კუთხით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ცოტა ხნის წინ "ქართულ ოცნებას" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატები, რომლებიც მმართველი პარტიიდან გასვლის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად რჩებიან. "ქართულ ოცნებაში" არასდროს უთქვამთ, რომ მათი კოლეგები დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეტიც, მაგალითად, 4 ოქტომბერს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ღირებულებით ნაწილში მათ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის":
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული, ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში".
5 ოქტომბერს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოდის „დამაბნეველი გზავნილი“, რადგან, ერთის მხრივ, პრემიერი და სხვა პირები საუბრობენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–სთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, მეორეს მხრივ კი, დგანან მათ გვერდით, ვინც საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს:
"ჩვენ გვითქვამს, რომ მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის, ერთი მხრივ, მათ გვერდით ყოფნით, ვინც, როგორც ჩანს, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას და მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირებისგან გამოხატული პოზიციებითა და განცხდადებებით, რომლებიც პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს აშშ-სა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან".
ელჩის განცხადებით, ვაშინგტონში კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა უფრო მკვეთრად რატომ არ ემიჯნება განცხადებებს, რომლებიც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან.


