Accentnews.ge
იბრძოლებენ თუ არა პუტინის “РуZский мир”-ისთვის სამხრეთკავკასიელები

იბრძოლებენ თუ არა პუტინის “РуZский мир”-ისთვის სამხრეთკავკასიელები

12/10/2022 10:58:53 კონფლიქტები

“ჩვენთვის აუცილებელია მტრის ხატის შექმნა. ჩვენ ხალხს ვეუბნებით, რომ მტერი უკრაინელებია – ანუ იგივე რუსები, რომლებშიც ეშმაკი ჩასახლდა. ვეუბნებით, რომ მივდივართ არა მათ მოსაკლავად, არამედ მათ გადასარწმუნებლად, მაგრამ თუ არ უნდათ, გადავარწმუნოთ, მაშინ დავხოცავთ. დავხოცავთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება – მილიონს, ხუთ მილიონს, სულაც მთლიანად ამოვწყვეტთ!” - აცხადებს კამერაზე გადაღებულ პირად საუბარში კრემლის “რუსული სამყაროს” ერთ-ერთი რუპორი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი პაველ გუბარევი”.

“პუტინმა რაღაცები მოჩმახა... ბოლო დროს მაგრად ურევს… ახლა იძულებულები ვართ, თავად ვიყიდოთ საკვებიც, ამუნიციაც და საკუთარი ხარჯით ჩავძაღლდეთ ვითომ “სამშობლოს დასაცავად” – ჩივის დედასთან სატელეფონო საუბარში უკრაინაში გადასროლილი ერთ-ერთი რუსი მობილიზებული.

“ახლა უკვე ისინიც კი, ვინც გულზე Z-ს იტვიფრავდა, ხვდებიან, რომ ისინი უბრალოდ გააცურეს: დაჰპირდნენ სამხედრო გამარჯვებებისთვის თვალის დევნებას ტელევიზორით, მაგრამ აიძულებენ, სამხედრო მარცხს სანგრებიდან ადევნონ თვალი… ტელევიზორის წინ ჯდომა ერთია, სანგარში ყოფნა – სულ სხვა. რაც მთავარია, რის გამო?! - თუ რუსეთს მართლაც ემუქრება ვინმე ან რამე, ეს ავადმყოფური იმპერიალიზმია და მეტი არაფერი!” – ამბობს რუსეთის რიგითი მოქალაქე, რომელსაც ომი არ სურს.

პუტინის არმია უკრაინიდან გარბის, ხოლო რუსეთის მოქალაქეები - რუსეთიდან, სადაც სადღეისოდ დაკავებულები არიან მხოლოდ ერთით – მარცხში დამნაშავეთა ძებნით: ეს ხან “მსოფლიოს მეორე არმიაა”, რომელიც უმაქნისი გამოდგა, ხან მისი კორუმპირებული სარდლობა, ხან “ტიკ-ტოკერი” კადიროვის მსგავსი “მაღალპროფესიონალური” გენერლები, ხან სპეცსამსახურები, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში ვერ მიიყვანეს უკრაინის მოსახლეობა იმ კონდიციამდე, რომ რუსის ჯარს თაიგულებით დაჰხვედროდა, ხანაც, როგორც უკვე კრემლის პროპაგანდისტი სკაბეევაც კი აღიარებს, “ქვეყანაა იდიოტური”.

მაგრამ რამდენიც არ უნდა ეძებონ დამნაშავე, საბოლოოდ მაინც პუტინზე გავლენ – პრეზიდენტზე, რომელმაც იმპერატორობა მოისურვა და ახლა არა მარტო საერთაშორისო ტრიბუნალი ელის, არამედ, სრულიად შესაძლებელია, სახელმწიფო ღალატის მუხლით გასამართლებაც: სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები პუტინის ჯარის ნარჩენებს საზღვრისკენ ერთდროულად სამი მიმართულებით მიერეკებიან და ბრძოლის ველზე ყოველდღიურად საშუალოდ რუსეთის 300-400 მოქალაქე იღუპება, კრემლი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ “სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის”, პუტინი კი ისტერიულად აწერს ხელს კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის იმ ტერტორიების “მიღების” შესახებ, რომლებიც არა მარტო არ აქვს სრულად ოკუპირებული, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ყოველდღიურ რეჟიში თავისუფლდებიან კიდეც ოკუპაციისგან. გამოდის, კრემლის “გეგმა” იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთის ათობით ათასი მოქალაქის სიცოცხლის ფასად ერთი-ორი თვით, ან სულ ორიოდ დღით (როგორც ლიმანის შემთხვევაში) მიეერთებინა უკრაინის რიგი ტერიტორიები?! არა მგონია, ეს პუტინის “რუZული სამყაროს” ყველაზე თავგადაკლული მხარდამჭერებისთვისაც კი მისაღები იყოს. ახლა კრემლის მიმართ სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ მათაც და პუტინს ეს კარგს არაფერს უქადის.

ამასობაში ჩრდილოეთ კავკასიაში – ჩეჩნეთშიც, ინგუშეთშიც, ყაბარდო-ბალყარეთშიც, დაღესტანშიც საპროტესტო აქციები გაიმართა: ადამიანებს არ სურთ, პუტინსა და მის “რუZულ სამყაროს” შეეწირონ. ახლა კრემლი ცდილობს, მობილიზებულთა დანაკლისი ძალდატანებით შეივსოს ჩერქეზებით. და ადგილობრივთა უკმაყოფილება, ბუნებრივია, იზრდება.

უკმაყოფილონი არიან “მეგობრულ” აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც, რომელთა მოსახლეობას კრემლი რუსული მობილიზაციის ჩავარდნის პირობებში თავის სამხედრო ავანტიურაში ან მოტყუებით, ან, თუ არ გამოვა, ძალით უპირებს ჩათრევას.

აფხაზეთში ამ დრომდე არაა ერთიანი პოზიცია იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა მისი მოსახლეობა პუტინის Z-მობილიზაციას. მომხრეები, რომლებიც აშკარა უმცირესობაში არიან, ირწმუნებიან, რომ აფხაზეთის ეს ვალდებულება გამომდინარეობს 2014 წელს რუსეთთან გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულებიდან. ხოლო მოწინააღმდეგეები ამ აზრს არ იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების ვალდებულება იმ დოკუმენტით შეიარაღებული ძალების ერთობლივ რუსულ-აფხაზურ დაჯგუფებას ეკისრებოდა, რომელიც შეთანხმების გაფორმებიდან ერთი წლის მანძილზე უნდა ჩამოყალიბებულიყო, თუმცა დღემდე არ შექმნილა. თავად აფხაზურ კანონმდებლობაში კი არ მოიპოვება არავითარი ჩანაწერი ადგილობრივთა მობილიზაციის შესახებ რუსი მოკავშირის მიმართ აგრესიის შემთხვევაში. ან ვის “აგრესიაზეა” საერთოდ ამ შემთხვევაში საუბარი?, - მოსახლეობისთვის ესეც გაუგებარიაა, კრემლის ყველა სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული ნარატივის მიუხედავად.

“პრეზიდენტმა” ბჟანიამ გამოსცა ბრძანებულება სამხედრო გაწვევის შესახებ, რომელიც 1 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გასტანს და ამავდროულად შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც “სამობილიზაციო მზადების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს შეიმუშავებს”. რუსეთთან “საზღვარზე” კი უკვე შეიქმნა პრობლემები: აფხაზ ახალგაზრდებს აკავებენ და უცხადებენ, რომ არ გაუშვებენ, სანამ სამობილიზაციო თანხმობას არ მოაწერენ ხელს.

«მობილიზაციას თავად რუსები გაურბიან და ჩვენ რა, მეორე სორტის ადამიანები ვართ?! ჩვენს “მეგობარ” რუსეთს აფხაზი ახალგაზრდობის ამოწყვეტა სურს, იწვევს რა საომრად გაუგებარია, ვისთვის და რისთვის!»; “რუსეთში 150 მილიონამდე მაცხოვრებელია და ქვეყანას რამენაირად უჩვენოდაც დაიცავენ. თანაც ჩვენი მოხალისეები უკვე წლებია, იბრძვიან უკრაინაში, ასე, რომ იკმარონ! ყველა დანარჩენი აქ გვჭირდება – ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სამშობლოს დასაცავად!», - წერენ აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, თუ აქამდე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად საქართველოში მორბოდნენ, “ზემო ლარსზე” აკავებდნენ, ამიერიდან იგივე “ქვემო ზარამაგზეც” იწყება: ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ უკვე გასცა ბრძანება, დაკავებულებს სამობილიზაციო უწყისები ადგილზევე გადასცენ.

ადგილობრივი ანალიტიკოსები შეშფოთებას ვერ მალავენ, თვლიან რა, რომ ეს შესაძლოა, ჩრდილოეთ ოსეთის კომისარიატების ნამდვილ ნადირობად იქცეს ცხინვალის რეგიონის გაწვევის ასაკის მაცხოვებლებზე, რომელთა უმრავლესობას “ოსურთან” ერთად რუსეთის მოქალაქეობაც გააჩნია და რუსეთში ჩაწერაც, მაშასადამე, იქაურ სამხედრო აღრიცხვაზე არიან და რუსეთის კანონმდებლობით, გაწვევას ექვემდებარებიან.

ერთადერთი საშუალება ამის თავიდან ასარიდებლად – ეს რუსეთთან “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ” გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმად, “ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ჯარში არა ჩაწერის, არამედ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მსახურობენ”. მაგრამ გაურკვეველი მიზეზით დოკუმენტი ძალაში ამ დრომდე არ შესულა.

“ლარსზე რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ სამხრეთ ოსეთს ნუ შეეხებიან. რუსეთის მოქალაქეები ჩვენ თავს არ გვაფარებენ: ჩვენი რესპუბლიკა ჩიხურია, აქედან გასასვლელი არსაითაა, ამდენად, მათთვის აქ შემოსვლას არავითარი აზრი არ აქვს. სერგეი მენიაილოს მიერ ინიცირებული ღონისძიებები პრობლემებს მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს შეუქმნით, რომლებიც ისედაც გადაჭარბებით ასრულებენ რუსეთის მიმართ ვალს: ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ჩვენ უკრაინაში მოხალისე მეტი გვყავს, ვიდრე თავად რუსეთის ნებისმიერ რეგიონს” – ამბობს ოსი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი.

“საკუთარი ჯარი ფაქტობრივად არ გვყავს, ამდენად, ჩვენი ერთადერთი აქტივი რეზერვისტებია და მათ გარეშე დღეს ვერ დავრჩებით. ვფიქრობ, თუ ამა თუ იმ სახით საკუთარი გაწვევა გვექნება, რუსეთს მოუწევს, ამას ანგარიში გაუწიოს და ჩვენმა ხელძღვანელობამ ეს რუს პარტნიორებს უნდა გააგებინოს” – აცხადებს ოსური “პარლამენტის” IV მოწვევის “დეპუტატი” როლანდ ქელეხსაევი.

“პრეზიდენტი” გაგლოევი კი ლავირებას ცდილობს: ამ დღეებში მან უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” უსწრაფესი დასრულების იმედი გამოთქვა და იქვე დასძინა, “ოს ახალგაზრდობას შორის არავინაა ისეთი, ვინც მობილიზაციას გაურბის, თითოეული ახალგაზრდა თავის ვალად თვლის, ამ მძიმე დროს დონბასელი ხალხი დაიცვასო”. 11 ოქტომბერს კი, აფხაზეთის კვალდაკვალ, სამხედრო გაწვევა ცხინვალის რეგიონშიც გამოცხადდა.

პუტინი, რომლისთვისაც ათობით ათასი დაღუპული რუსი ჯარისკაცი მხოლოდ სტატისტიკაა, კავკასიელ მეზობლებს შორის მსხვერპლის თვლას არც კი დაიწყებს, - მთავარია, საზარბაზნე ხორცი არ შემოელიოს. “რუსეთის დაცვის აუცილებლობის” შესახებ კრემლის არგუმენტების სრული არალეგიტიმურობის, ასევე აფხაზებისა და ოსების მობილიზაციისთვის საკანონმდებლო საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

“მოძმე” რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მათ მიმართაც პუტინის იმ ცინიკური პრინციპით იმოქმედოს, რომელიც პუტინმა თავის დროზე უკრაინის მისამართით გააჟღერა: “Нравится - не нравится, терпи, моя красавица” (“მოგწონს თუ არა, მოითმენ, ჩემო ლამაზო”). უკრაინამ არ მოითმინა. მოითმენენ თუ არა კავკასიელი მეზობლები – მათი გადასაწყვეტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S