
თავდაცვის მინისტრმა ნატო–ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, მათ შორის საქართველოს წინაშე მდგომი გამოწვევები განიხილა
13/10/2022 07:00:11 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო–ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მადრიდის სამიტზე მიღებული „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, მისი პრაქტიკაში განხორციელება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ბელგიის სამეფო ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას 12-13 ოქტომბერს მასპინძლობს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.