„ძალიან მკაფიო გზავნილია“: რატომ მოხვდა საქართველო რუსულ ვერსიაში

13-10-2022 17:26:49 ინტერვიუ

საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება კვლავ არ გაუკეთებია რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთო ავტომანქანას ბულგარეთიდან საქართველოში შემოსული და სომხეთში განბაჟებული ტვირთი გადაჰქონდა.

ФСБ–ს ბრალდებებს საკმაოდ მოკლედ უპასუხეს საქართველოს ფინანსთა და შს მინისტრების მოადგილეებმა, დეპუტატებმა მმართველი გუნდიდან ჟურნალისტებს მოუწოდეს, ნუ ატეხენ აჟიოტაჟს და გაიხსენონ, რომ რიგ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, გეგმავს თუ არა სახელმწიფო ბრალდებების გასაბათილებლად რუსეთის მიერ შემოთავაზებული სქემის გადამოწმებას ისევე, როგორც ეს ბულგარეთმა გააკეთა და აკეთებს სომხეთი. თავად ბრალდება კი მძიმე და საყურადღებოა: მართალია, რუსეთის ეჭვმიტანილთა სიაში საქართველოს მხოლოდ ორი მოქალაქე (მათგან ერთის გვარიც არ არის მითითებული) ფიგურირებს, მაგრამ რუსული ვერსიით,

ასაფეთქებელმა ნივთიერებამ რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. ამდენად ეს მძიმე ბრალდება ეხებათ არა მხოლოდ საქართველოს ცალკეულ მოქალაქეებს, არამედ საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ქვეტექსტით – საზღვრები სრულიად დაუცველია ან ტვირთის მოძრაობაში თავად სახელმწიფო უწყებები იყვნენ ჩართულნი.

რას ნიშნავს უკრაინაში ომის ამ მნიშვნელოვან ეპიზოდში (იმის გათვალისწინებით, თუ რა სტრატეგიულ და სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს კრემლი ყირიმის ხიდს) საქართველოს ხსენება, მიუხედავად ოფიციალური თბილისის ლოიალური დამოკიდებულებისა? რა პრობლემები აქვს რუსულ ვერსიას? როგორი უნდა იყოს საქართველოს პასუხი? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ ანალიტიკოსს უსაფრთხოების საკითხებში, პარტია „საქართველოსთვის“ წევრს კახაბერ ქემოკლიძეს ესაუბრა.

– ბატონო კახაბერ, ვიდრე ФСБ–ს ვერსიას განვიხილავთ, ვისაუბროთ თავად ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. ვიცით, რომ რუსეთისთვის სამართლებრივი და მორალური ასპექტები არ არის შემაკავებელი ფაქტორი გააკეთოს ის, რასაც უკრაინაში სჩადიოდა და სჩადის. არც საფუძვლის შექმნაზე უზრუნია. მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ მისთვის სტრატეგიულ თუ სიმბოლიზმით დატვირთულ ობიექტებზე უკრაინული „ხელის“ წვდომას არ აღიარებს. მაშ რა მოხდა ყირიმის ხიდის შემთხვევაში? რატომ აღიარეს თავადვე, რომ ეს ხიდი არც ისე ხელშეუხებელი ყოფილა, როგორც ამაში თავადვე არწმუნებდნენ საკუთარ საზოგადოებას?

– დავიწყოთ იქიდან, რომ თავად ყირიმის ნახევარკუნძული და ყირიმის ხიდი უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა: სამხედრო ინფრასტრუქტურა სამხრეთის ფრონტზე ფაქტობრივად ამ არხით მარაგდება. მეორე – ის, რომ ხიდი ლეგიტიმური სამიზნე იყო და ის, რომ უკრაინელები მუდმივად მუშაობდნენ ამ სამიზნეების ეტაპობრივ განეიტრალებაზე, ესეც არახალია. ცხადია, რთულია დეტალებზე საუბარი, ვინაიდან, საბოლოო ჯამში არავინ იცის, რა მოხდა – მსგავსი ტიპის ღონისძიებები ღია წყაროების დონეზე არ იშლება, მაგრამ ის, რომ რუსეთის ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს ისრების უკრაინისკენ მიმართვას და „განტევების ვაცის“ ძებნას (დაკავებების და ამ საქმის კონტექსტში რამდენიმე ქვეყნის გაჟღერებით), გასაგებია – რაც მოხდა, მისთვის სტრატეგიულ დონეზე საკმაოდ დამაზიანებელი იყო, შიდა აუდიტორიაზე ინტენსიურად „ყიდდნენ“ რა, რომ „ყირიმი რუსეთია, ხოლო მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა – დაცული“. პროპაგანდისტული გადაცემები ეძღვნებოდა ამ საკითხს.

– სწორედ ამას ვკითხულობ, რატომ აღიარეს? მაგალითად, კრეისერ „Москва“–ს ჩაძირვას და საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებს ამ დრომდე სიგარეტის ნამწვავს უკავშირებენ. თავად აფეთქების დროსაც ხომ აქვს სიმბოლური დატვირთვა – ფაქტობრივად, ვლადიმირ პუტინის 70 წლის იუბილეზე მოხდა...

– ვფიქრობ, მათ უბრალოდ მოუწიათ. მაგალითად, ის ფაქტი, თუ როგორც მოხვდა კრეისერ „Москва“–ს რაკეტა, არ დაფიქსირდა, შესაბამისად, გაურკვევლობის ხარისხი, ყოველ შემთხვევაში, სათავისო სტრატეგიული ნარატივის ფორმირებისთვის, მაინც მაღალი იყო. ხიდის შემთხვევაში ყველაფერი მკაფიოდ გამოჩნდა. იმავდროულად, ეს იმდენად სტრატეგიული ობიექტი იყო, რომ სხვა გამოსავალი ფაქტობრივად, აღარ რჩებოდათ. ამასთან, ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული მასალა ღია წყაროების დონეზე განვრცობადი იყო და აზრიც არ ჰქონდა დამალვას. ცხადია, ეს ყველაფერი მაინც თეორიული დაშვებაა და საბოლოო ჯამში, ზუსტად არავინ იცის, ამგვარად რატომ იმოქმედეს რუსებმა.

– რაც შეეხება ФСБ–ს მიერ შემოთავაზებულ ვერსიას. მოდით, დავუშვათ, რომ ვართ უსაფრთხო ქვეყნიდან და ნეიტრალური პოზიციიდან, რაციონალურად ვაკვირდებით პროცესებს. რა ხარვეზი აქვს მას?

– გეთანხმებით, რომ რუსების ვერსია ხარვეზიანია და ამ ხარვეზიანი მასალის იმგვარად შეფუთვას ცდილობენ, რომ ეს მათთვის უფრო მომგებიანი იყოს. ბევრი ნიუანსი გამოიკვეთა: შემოგვთავაზეს სურათი, რომელიც ჩემი აზრით, სხვა მანქანის სკანირებას ასახავს, ხოლო ვიდეოებში სხვა მანქანა ჩანს; ირიბად დაგვადეს ხელი, რომ თურმე ეს მანქანა ქართული სანომრე ნიშნით იყო; ახსენებენ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც თურმე ამ ღონისძიებაში ფიგურირებენ; პირდაპირ ახსენებენ საქართველოს, რომ თურმე ტრანზიტულად გაიარა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულმა მანქანამ ისე, რომ ჩვენს ძალოვნებს კითხვის ნიშნები არ გასჩენიათ. იმაზე კი არ საუბრობენ, რომ მათ მიერ დასახელებულმა ავტომანქანამ ყველაზე დიდი მანძილი თავად რუსეთის ფედერაციაში გაიარა. მაგრამ ის, რომ დეტალებს ახსენებენ და იმავდროულად, ჩემი აზრით, ამახინჯებენ (ყოველ შემთხვევაში, მასალის დონეზე), მიანიშნებს, რომ კონკრეტული დეტალები თავადაც არ იციან ან იციან და შეგნებულად ამახინჯებენ მათთვის სასარგებლო ნარატივის შესაქმნელად. აქ საინტერესოა, თუ რატომ ახსენეს კონკრეტული ქვეყნები, განსაკუთრებით საქართველო იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენ მათ განსაკუთრებულ პრობლემებს არ ვუქმნით როგორც დიპლომატიურ, ისე პოლიტიკურ დონეზე?!

– და რატომ ეს სამი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო? მაქსიმალურად ლოიალური პოზიცია აქვს ოფიციალურ თბილისს ამ ომის კონტექსტში...

– რუსები თავიანთ სტრატეგიულ ხაზს საოპერაციო დონეზე არ ღალატობენ. როდესაც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების ნაწილში ვაკრიტიკებდით (განსაკუთრებით, უკრაინის კონტექსტს ვგულისხმობ), მთავარი ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ რუსებს მათი სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელების პროცესში ვერ გადაათქმევინებ შენივე დაზიანების ხარისხზე ხელის აღებას. პრაქტიკულ დონეზე ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს რაც არ უნდა მოუქონო თავი, ისინი მაინც დაგაზიანებენ, როდესაც ეს სტრატეგიულ გათვლებში დასჭირდებათ. ვფიქრობ, ეს შემთხვევა კლასიკური მაგალითია, თუ როგორ არ აინტერესებთ რუსებს შენი „კეთილგანწყობა“ ან რბილი პოლიტიკა მათდამი. მათ დასჭირდათ, შეექმნათ სტრატეგიული ნარატივი, რომ „ქართველები მონაწილეობდნენ აქტიურ ანტირუსულ ღონისძიებებში, შესაბამისად, ქართველებიც უნდა დავაფიქსიროთ ამ „ქეისშიო“. ცალკე საკითხია, ზოგადად ეს რა მიზანს ემსახურება: ვფიქრობ, ეს „ფსიქოლოგიური ოპერაციის“ კლასიკური მაგალითია. რუსეთის ხელისუფლებაში ამჟამად КГБ–ს ძველი სკოლის კარგი კურსდამთავრებულები არიან და ამას კარგად იყენებენ გეოპოლიტიკურ კონტექსტშიც. როდესაც მათ მეზობელ სახელმწიფოებზე ფსიქოლოგიური წნეხის გაზრდა სჭირდებათ (ამ შემთხვევაში საქართველოზე), ეს საქმე ამისთვის ძალიან კარგი „ქეისია“. ცენტრალური გზავნილი კი საქართველოს ხელისუფლებისთვის ისაა, რომ „ჩვენ თქვენ გიყურებთ, გაკვირდებით და მოიქეცით ისე, როგორც ეს ჩვენ გვჭირდებაო“. პრეზიდენტი პუტინი და მისი გარემოცვა, მათ შორის, ფსიქოლოგიურად სწავლობენ ბატონ ივანიშვილს, მის ანტურაჟს, დღევანდელ ხელისუფლებას (დე იურე დონეზე ვინც არიან წარმოდგენილები) და რამდენადაც აიდენტიფიცირებენ მათ ირაციონალურ შიშებს, მათზე მსგავსი ფსიქოლოგიური ოპერაციების განხორციელება, ასე ვთქვათ, გაგებადია (მეცნიერულად რომ შევხედოთ უსაფრთხოების პრიზმაში) – ფსიქოლოგიური ტერორის მეშვეობით შესაძლოა, დააკორექტირონ საქართველოს ხელისუფლების რაღაც ქმედებები გეოპოლიტიკურ ჭრილში.

– რუსული პროპაგანდა ომის კონტექსტში ქართველებზე ხშირად აქცენტირებს, ძირითადად, უკრაინაში მებრძოლებზე. მაგრამ გვესმის, რომ ФСБ–ს ვერსია უკვე საქართველოს მხოლოდ ორიოდ მოქალაქეს არ ეხება – აქ სახელმწიფოზე და ხელისუფლებაზეა საუბარი ქვეტექსტით, რომ სასაზღვრო რეჟიმი მოშლილია, ან პროცესში ძალოვნები იყვნენ ჩართულნი. თქვენ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე ამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას მივადევნებთ თვალს უკრაინის ომის კონტექსტში, თავად ომიც საკმარისი ფაქტორია ამისთვის და ვითარების დამძიმება რატომ გახდა საჭირო?

– „ფსიქოლოგიური ოპერაცია“ უსაფრთხოების სფეროში ძალიან ცნობილი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ოპონენტი და გარკვეულწილად, მტერი, შენი ზეგავლენის ქვეშ მოაქციო. ის, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი დეტალებით „გახვიეს“ სახელმწიფო, ხელისუფლება, ინსტიტუციები ამ ამავდროულად, აბსურდულ „ქეისში“ (ვის სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებდა ამას, როდესაც საკუთარი ჩრდილივე აშინებთ დღეის მდგომარეობით?!), ჩემი ხედვით, ამ ფსიქოლოგიური ოპერაციის ერთ–ერთი მიზანია, რათა რუსებმა საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნონ, „რაც არ უნდა ლოიალურები იყოთ დღეს (უკრაინა – რუსეთის ომის კონტექსტში), თუ ბოლომდე არ განახორციელებთ ჩვენს მიზნებს და ამოცანებს, თქვენზე ზემოქმედების მიზეზს ნებისმიერ დღეს ვიპოვით“ – აი, ესაა ძალიან მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის მთელს ამ ისტორიაში. სხვაგვარად, თუ მარტივ ლოგიკას მივყვებით, რატომ უნდა „გაეხვიათ“ საქართველო ამ საქმეში?

– უმადურობას ჰგავს...

– დიახ, მაგრამ მათ არ აინტერესებთ, შენ როგორ იქცევი, თუ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მათ სტრატეგიულ ინტერესებს მაინც არ ემსახურება. ისინიც გრძნობენ, რომ საქართველოზე დასავლეთის მხრიდან წნეხი იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. გრძნობენ, რომ ევროკავშირის 12–პუნქტიანი რეკომენდაციების ფონზე, საქართველოს ფაქტობრივად, „წამმზომი“ აქვს ჩართული მათი შესრულების კონტექსტში. ის, რომ რუსეთს სტრატეგიულ დონეზე არ სურს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ესეც შემდგარი ფაქტია. 2014 წლის უკრაინის „ქეისი“ გავიხსენოთ (იანუკოვიჩის მმართველობის დრო), მას ნატო–ში გაწევრიანება სურდა? ეს კონსტიტუციით ჰქონდა აკრძალული, მაგრამ რუსები გრძნობდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით უკრაინა მიებმებოდა ევროკავშირს. ასეც მოხდა საბოლოო ჯამში და ახლაც იმავეს გრძნობენ: საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღება ნიშნავს, რომ ქვეყანა უკვე იურიდიული აქტის დონეზე შეიძლება, ჩაებას ევროკავშირს. ეს კი მათი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იმასაც ნიშნავს, მით უფრო, 2020 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარი 44–დღიანი ომის ფონზე, რომ შესაძლოა სომხეთიც „გადაუცდეთ“ პლატფორმიდან. ისინი ამ პროცესებს ფართო სურათში უყურებენ. შესაბამისად, ქართველებს აფრთხილებენ, „თქვენი ბოლომდე ლოიალობა არის საჭირო, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ მიზეზს ვიპოვით და რაღაცას მოვიფიქრებთო“. საქართველოს ხელისუფლების პრობლემაც, გამოწვევაც და არაკომპეტენტურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ფიქრობენ, „თუ ჩვენ თავს მიწაში ბოლომდე „ჩავრგავთ“, რაღაც „ვერ გვხედავენ“ (არადა ნამდვილად ხედავენ) გეოპოლიტიკურ პოზას დავიჭერთ, ამით გარკვეულწილად „გავძვრებით“. ეს კი იმას ადასტურებს, რომ ისინი რუსეთს, КГБ–ს მენტალიტეტს არ იცნობენ! პუტინი და მისი უახლოესი ანტურაჟი კი ამგვარად აზროვნებს – საკუთარ სტრატეგიულ ხაზს არ ღალატობენ და იციან, რა უნდა მოიმოქმედონ, მათ შორის, ამ ფსიქოლოგიური ოპერაციების დონეზე. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობას იფუჭებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორები უნდა გახდნენ, რამე რომ მოხდეს. მაგალითად, როგორც მოლდოვაში მოხდა: იქ რუმინეთის დიდმა ლობმა იმუშავა და ძალიან ეფექტურად შეაკავა საფრთხეები, რომელიც მოდიოდა დნესტრისპირეთიდან – საბრძოლო მოქმედებების რისკი შეიქმნა სულ რამდენიმე თვის წინ. ანალოგიური „ქეისი“ ჩვენს შემთხვევაშიც შეიძლება, შეიქმნას და ამისთვის ძალიან ძლიერი მოკავშირე უნდა გყავდეს, უპირველესად, აშშ, რომელმაც შეიძლება, პირდაპირ გაუგზავნოს მოსკოვს გზავნილი, „საქართველოზე ხელის დადება ჩემთან კონფრონტაციას ნიშნავს, ხოლო ჩემთან კონფრონტაცია – ნატოს ძალებთან. ამიტომ, ხელები შორს საქართველოსგან!“ აი, ეს უნდა იყოს გზავნილი, მაგრამ ამის მისაღწევად სტრატეგიულ დონეზე ფენომენალური ურთიერთობა უნდა გქონდეს ამერიკელებთან. საქართველოს ხელისუფლება კი აშენებს კი არა, აშენებულსაც ანგრევს!

– მინიმუმ, ეჭვი არ უნდა ჰქონდეთ, სად ხარ შენ...

– აბსოლუტურად. პარტნიორი იმ შემთხვევაში დაგიცავს, თუ შენში ეჭვი არ ეპარება. მათ საქართველოს მოქალაქეების განწყობებში ეჭვი არ შეაქვთ, მაგრამ ხომ ხედავთ, რაც ხდება [მმართველი გუნდის მხრიდან – რედ.]. ამჟამად აქტიური პროპაგანდაა, რომლითაც ამერიკული ინტერესების დემონიზებას ცდილობენ. ცხადია, ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით მსხვილ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს კონკრეტულ რეგიონში აქვთ სტრატეგიული ინტერესები და ეს აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ მათი სტრატეგიული ინტერესი რომ შენსას ემთხვევა (ამ შემთხვევაში, საქართველოსას), სწორედ ესაა არაჩვეულებრივი ფორმულა, რომელიც შენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად უნდა გამოიყენო, როგორც ეს ბალტიელებმა შეძლეს 1990–იან წლებში – მისცე შენს მოქალაქეებს, ინსტიტუციებს, სახელმწიფოს შესაძლებლობა, განვითარება, რასაც მოსდევს უკეთესი პირობები, ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება... დასავლეთის სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში ემთხვევა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და ესაა გამოსაყენებელი გეოპოლიტიკური „ფანჯარა“, რომელიც რუსეთის დასუსტების ფონზე შეიქმნა. ვხედავთ, პრეზიდენტი ალიევი როგორ იყენებს ამ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ის ფსონს ძალისმიერ აქტიურობაზე დებს, რაც ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ – ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკით და „რბილი ძალით“ მივაღწევთ იმას, რასაც პრეზიდენტი ალიევი საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე აღწევს...

– აღწევს თურქეთთან ერთად...

– რა თქმა უნდა, და მათთვის თურქეთი საბოლოო ჯამში, ჩვენთვის დასავლეთია – ესაა აქ განსხვავება. ჩვენ ფართო რეგიონში შედარებითი უპირატესობის რამდენიმე მსხვილი კომპონენტი გვქონდა:

  • გეოგრაფიული მდებარეობა – ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და ფაქტობრივად, ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის (სტრატეგიული კვანძის ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში და ფართო შავი ზღვის რეგიონში);
  • მეორე – ფაქტობრივად, ჩემპიონები ვიყავით პროდასავლურობაში, სადაც ნახევრად ავტოკრატიული და ავტოკრატიული რეჟიმებიც კი ცენტრალური აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, რეგიონიდან ხელს ართმევდნენ დასავლეთს – საქართველო იყო კარგი დემოკრატიული ბუფერული ზონა, რომელსაც ისინი იყენებდნენ ინვესტიციების ჩასადებად და თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვეოდა;
  • მესამე – კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად პროევროპული ერი ვიყავით და ვართ.

დღეს კი ვხედავთ, რომ ამ სამი შედარებითი უპირატესობის არგუმენტი ხელიდან გვეცლება, რაც ძალიან სერიოზული გამოწვევა და შეცდომაა! როდესაც 10–15 წლის თავზე სხვადასხვა თაობები გაანალიზებენ, რა „ფანჯარა“ გაიხსნა და რა ვერ გამოიყენა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ეს იქნება წარმოუდგენელი დანაშაული, რომელიც 1990–იან წლებში ბალტიელების ქმედების ანალიზზე (თუ რა შეძლეს მათ), ძალიან კარგად იკვეთება!

– მაშინ ჩვენ კოლექტიური სუიციდით ვიყავით დაკავებულები და დაახლოებით იგივე სევდა იკვეთება ამ ჯერზეც ...

– აბსოლუტურად.

– და სომხეთი როგორ აღმოჩნდა ამ „გაუგებრობაში“?

– ის, რომ ბატონი ფაშინიანი რუსეთის ხელისუფლებას არ მოსწონდა, არ მოსწონს და სავარაუდოდ, არ მოეწონება (სხვადასხვა სუბიექტურ–ობიექტური მიზეზების გამო), შემდგარი ფაქტია. სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილად, დასავლეთს აძლევს საშუალებას, ოფიციალური ერევნისთვის უზომოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში (რომელიც 2020 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება) ხელმეორედ შემოვიდეს სომხეთ–აზერბაიჯანის კრიზისში. რაც მეტად შემოვა დასავლეთი რეგიონში, მით მეტად გავა რუსეთი და ეს უკვე ფაქტობრივად სახეზე გვაქვს პრაღის საუბრებიდან გამომდინარე [შედგა სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის ლიდერების შეხვედრა და მიღწეულ იქნა რიგი შეთანხმებები –რედ.]...

სომხეთის ხელისუფლება ურთულეს ვითარებაშია და ცდილობს, აქედან მინიმალური ზიანით გამოვიდეს (ნებისმიერ შემთხვევაში ზიანდება, მაგრამ ცდილობს, ხარისხი დაბალი იყოს). ამიტომ, პრემიერ ფაშინიანის რეფლექსები, ღიაობა დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში, მეტი მედიაციით შემოვიდეს ამ კონფლიქტში, პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს სომხეთთან ურთიერთობის ნაწილში და ალბათ, აქედანაც გამომდინარეობს ამ საქმეში სომხეთის „გახვევა“. ამასთან, გზავნილია საკუთარი საზოგადოებისთვისაც, „ხედავთ, სომხები, რომლებშიც ინვესტიციებს ვდებდით, მათ უსაფრთხოებას ვიცავდით (და ეს რომ რუსული ნარატივია, დადასტურდა 2020 წლის კონფლიქტის და შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე), გარეულები არიან ამ საქმეში, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან და რამე რომ დაგვჭირდეს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოების მხარდაჭერაც გვჭირდებაო“. ფსიქოლოგიური ოპერაცია ერთის მხრივ, ემსახურება მეზობელ სახელმწიფოებზე ზეგავლენის მოხდენას, მეორეს მხრივ – საკუთარი საზოგადოების ფსიქოლოგიურად და საინფორმაციო დონეზე რაღაცისთვის მომზადებას. ამ შემთხვევაში, ანტიქართული და ანტისომხური განწყობები ამომრჩევლის დონეზე რაღაც ხარისხში რომ იყოს, ესეც ერთ–ერთი არგუმენტია.

– ანუ, ეს „ქეისი“ ასე ვთქვათ, ჰაერში „გამოკიდეს“ და შემდეგ რაში გამოიყენებენ, უბრალოდ დროის საკითხია?

– დიახ. ამ ღონისძიებებს ნელ ცეცხლზე შემდგარ მადუღარას ეფექტს უწოდებენ: ცეცხლს არ აქრობენ, აკვირდებიან პროცესებს და არავინ იცის, როდის დასჭირდებათ ადუღება. ვფიქრობ, ეს უსაფრთხოების სფეროში აქტიური ღონისძიებაა, რომლის „მასტერებიც“ რუსები ისტორიულად იყვნენ.

– რაც შეეხება პასუხს. ბულგარეთმა დაიწყო გამოძიება და დადო არგუმენტირებული პასუხი, სომხეთი გამოძიების პროცესშია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ორი უწყების წარმომადგენლის მოკლე პასუხები მოვისმინეთ. ვუსმენდი თქვენს შეფასებებს და ვიცი რომ ეს საკმარისად არ მიგაჩნიათ. ამგვარი პოზიციონირება თქვენ რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ, იყო ეს დაბნეულობის შედეგი?

– როდესაც ეს ე.წ. კომენტარები მოვისმინე (პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, მაგრამ დონეს თუ ავიღებთ, მაინც ძალიან დაბალი რანგის ჩინოვნიკების), ეს ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში პოლიტიკა არ გააჩნია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით! ეს იყო ნათელი დადასტურება დაბნეულობის, არცოდნის, თუ რა, როგორ და რა ტონალობაში ეთქვათ! ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება, ამჟამინდელი მოცემულობით, საკუთარი განცხადებების ტყვეობაშია: ერთი ხელით, დასავლეთს აზიანებენ ჩართული, სტრატეგიულ დონეზე განვითარებული „ინფრასტრუქტურით“ მაშინ, როდესაც იგივე დასავლეთის, პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდებათ. ასეთ რამეს გაბრალებს პრეზიდენტი პუტინი, რომელიც დღეის მოცემულობით შეშლილი ლიდერია – დაპირისპირებულია ცივილიზებულ პლანეტასთან, შენ კი განცხადებას აკეთებინებ მინისტრების მოადგილეებს, ნაცვლად იმისა, რომ გამოვიდეს პრემიერი და თქვას, „პრეზიდენტ პუტინის და მისი ჩინოვნიკების განცხადება არის აბსურდი ამა და ამ მიზეზის გამო – არგუმენტი „ა“, „ბ“, „გ“. ამ განცხადებას შემდეგ დასჭირდებოდა გადათარგმნა, იმავდროულად – ზარი ყველა სტრატეგიულ დედაქალაქში, „მოგვეხმარეთ, რომ ჩვენი კონტრპასუხი მაქსიმალურად მაღალ პლატფორმებზე ავიდეს, რათა ყველამ გაიგოს, რომ რუსები ამ აქტიურ ღონისძიებას ატარებენ ჩვენს წინააღმდეგაც და ღმერთმა იცის, ეს რისთვის სჭირდებათ. იცოდეთ, რომ შესაძლოა, ჩვენც დაგვჭირდეს მხარდაჭერა!“. ნაცვლად ამისა, ვიმეორებ, გამოიყვანეს მინისტრების ორი მოადგილე, რომელთაც ჟურნალისტებმა გამოსძალეს პასუხები. ეს მიანიშნებს არაკომპეტენტურობაზე, უცოდინარობაზე, გადაწყვეტილებების ვერმიღებაზე, რადგან, საბოლოო ჯამში, მათ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ბატონ ივანიშვილთან სჭირდებათ შეთანხმება. სწორედ ესაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უბედურება, რაც უპირველესად, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს! გუშინდელი არააქტიურობის გამო სწორედაც რომ ქვეყანა ზარალდება და ამასაც რომ შევეშვათ, უსაფრთხოების რისკები იზრდება სერიოზულად. ჩვენს შეცდომებს რუსები „კანზე“ გრძნობენ და რაც მეტად სუსტი ხარ, მეტად გიტევენ!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები