"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, მთავარია, პარტნიორებმა ყველაფერი იციან მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ"
14/10/2022 09:00:44 პოლიტიკა
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, მთავარია, პარტნიორებმა იციან ყველაფერი სააკაშვილის საქმის შესახებ", – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, "პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის, დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციებია".
„ხუთშაბათი დღე ყველამ იცის, რომ ეს არის პასიური დღე ასამბლეის მუშაობაში. 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ „უკრაინამ შესაძლოა, მოითხოვოს სააკაშვილის გადაცემა, რადგან ამაზე იყო განცხადებები, როგორი იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი“, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:
„მხარდამჭერების უმრავლესობა, ანუ 56 დეპუტატი მხარს უჭერდა ამ რეზოლუციას. მათი ძალიან დიდი ნაწილი იყო სწორედ უკრაინული დეპუტაცია, რაც განსაკუთებით სამწუხარო და გულსატკენია. თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატში, პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ რუსეთის აგრესიას. როდესაც ამ ფონზე, მათი მხრიდან ასეთი უსამართლო ჩანაწერების მხარდაჭერა ხდება, ეს არის ძალიან გულსატკენი და ძალიან სამწუხარო, ეს შემიძლია ვთქვა.
ცნობისთვის: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყარა-მურზას და სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.


