
Starlink-ის ტერმინალები უკრაინაში მუშაობდნენ, მუშაობენ და იმუშავებენ – ფედოროვი
14/10/2022 18:18:27 ევროპა
Starlink-ის ტერმინალები უკრაინაში მუშაობას გააგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„Starlink-ის ტერმინალები მუშაობდნენ, მუშაობენ და იმუშავებენ. არ ინერვიულოთ”, - წერს ფედოროვი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-ის სერვისებმა განაგრძონ მუშაობა უკრაინა და ელის, რომ კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს მოლაპარაკებების დასრულებამდე.
მანამდე ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის კომპანიამ „SpaceX“–მა განაცხადა, რომ აღარ შეუძლია, უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდება დააფინანსოს და ამისათვის თანხები პენტაგონს მოსთხოვა.
CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში მასკმა პენტაგონს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღარ შეეძლო პროგრამის დაფინანსება. დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ პენტაგონს პროგრამის დაფინანსება წლის ბოლომდე 120 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებოდა, ხოლო დამატებით, 1 წლის განმავლობაში, კიდევ 400 მილიონი აშშ დოლარი.
მასკმა უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდების გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან მალევე მიიღო.