
ნარმანია გაზის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს
17/10/2022 11:42:15 ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის მატება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი არ არის, ბუნებრივი გაზის სექტორში კი, ტარიფს კომისია დეკემბერში გადახედავს.
მისი თქმით, თუ ის ვალუტის კურსი შენარჩუნდება, რაც დღეს არის, გაზის ტარიფი არ შეიცვლება.
„2021 წელს ენერგეტიკის სექტორში ტარიფები არ გადახედილა, ტარიფები არ გაზრდილა. 2022 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა ეს ტარიფები, თუმცა ჩვენ ე.წ. დროებითი ტარიფები კვლავ გავაგრძელეთ. როგორც მოგეხსენებათ, მომდევნო წელს ბაზრის გახსნაა დაგეგმილი, ბაზრის გახსნამდე კი დროებითი ტარიფები რაც აქამდე მოქმედებდა მომდევნო წლის გაზაფხულამდე იმოქმედებს. ამიტომაც, ამ შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში არ გველოდება ცვლილება. რაც შეეხება ბუნებრივი გზის სექტორს, ჩვენ გვქონდა დადგენილი 3-წლიანი ტარიფები, რომლის ვადა მთავრდება 2022 წლის ბოლოს, თუმცა რაიმე სახის არსებით ზრდას ამ ეტაპისთვის არ ველოდებით, თუ ის ვალუტის კურსი შენარჩუნდება, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.