Accentnews.ge
რა გეგმით შეხვდა ზალკალიანი ლავროვს და საქართველოში ვისთან გაიარა კონსულტაცია

რა გეგმით შეხვდა ზალკალიანი ლავროვს და საქართველოში ვისთან გაიარა კონსულტაცია

17/10/2019 13:56:14 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, მის რუს კოლეგასთან შეხვედრა იყო დროული, საჭირო და სწორი გადაწყვეტილება. 

როგორც მან პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თავად შეხვედრამ 30 წუთს გასტანა; ის ინიცირებული და ორგანიზებული იყო შვეიცარიული მხარის მიერ; ინიცირება მოხდა ნიუ-იორკში; შეხვედრის გადაწყვეტილება ქვეყნის ყველა პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღებული; ხოლო მომავალი შეხვედრის თაობაზე შეთანხმება და საუბარი არ ყოფილა.   

ზალკალიანი ირწმუნება, რომ საკითხზე კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია: 

„მე არ მქონია მასთან ურთიერთობა. ბოლოს მაისში თუ ივნისში ვნახე, მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მქონია ბატონ ბიძინასთან, მითუმეტეს ამ თემაზე. უფრო მეტიც, ის ჩვენი შეხვედრის შესახებ დეტალებს ჩვენი დღევანდელი გამოსვლიდან შეიტყობს. ერთადერთი, ვისთანაც მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.

ზალკალიანი ამბობს, რომ პროცესები ვითარდებოდა ოპერატიულ, რეჟიმში და მას კონსულტაციები ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქმის კურსში იყო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავაც. 

რაც შეეხება შეხვედრის მოტივაციას და მოლოდინს, ზალკალიანი ამბობს, რომ მისი მიზანი იყო რუსულ მხარეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოესმინა აგვისტოს განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენების, გადასასვლელების ჩაკეტვისა და შექმნილი ვითარების შესახებ და არა ოსური ან აფხაზური მხრიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას. 

„უკან რომ დავბრუნდე, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რადგან ამ თემებზე საუბარი აუცილებელია. ერთ-ერთი მოლოდინი იყო, რუსეთის ფედერაციისთვის გვეთქვა ყველა სათქმელი გულწრფელად .... მათ უნდა მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებისგან“,- აღნიშნავს ზალკალიანი.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ოკუპაციის კონტესტში ახსენა გაუსაძლისი ყოფა, რაშიც ოკუპირებულ ტერინტორიაზე მაცხოვრებლებს უწევთ ცხოვრება და ახსენა მკვლელობის შემთხვევებიც. 

"არ მქონდა მოლოდინი, რომ ის დამეთანხმებოდა. ის თავის პოზიციაზე დარჩა, მე ჩემსაზე". 

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საუბარს ის აუცილებლად მიიჩნევდა, ფორმატებია: 

„იყო სპეკულაცია, მსჯელობები ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, იგივე ჟენევის, „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატთან დაკავშირებით - იცვლებიან პერსონალიები და ხომ არ მოხდება ფორმატის დონის დაწევა, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა. ბუნებრივია, ვის თუ არა, რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ერთ-ერთი მონაწილეა ჟენევის ფორმატის სხვა საერთაშორისო აქტორებთან ერთად, აუცილებელი იყო ამ საკითხებზე საუბარი. ბუნებრივია, ჩემი მოლოდინი გამართლდა და დადასტურდა, რომ ფორმატის არანაირი ცვლილება  არ განხორციელდება“. 

ზალკალიანი ამბობს, რომ საუბარი ასევე შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებს. როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ამბობს, შეხვედრის წინა დღეს გამოქვეყნდა სერგეი ლავროვის ინტერვიუ და მისი პოზიცია ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. 

„ჩემი მხრიდან იყო პოზიტიური დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით, რადგან ფრენები, ხალხთა შორის კომუნიკაცია, ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეესკალაციისკენ. 

ჩემი მთავარი მოლოდინი იყო, რომ მთავარ საკითხებზე ღიად და გულწრფელად გვესაუბრა. რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისა, რომ 12-წლიანი პასუხის შემდეგ რაღაც გარღვევა მოხდებოდა, არ გვქონდა. მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ თუნდაც ის, რომ პრევენციული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული და ვფიქრობ, ეს შეხვედრაც დაგვეხმარებოდა იმაში, რომ კიდევ უფრო მომხდარიყო ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, გამართლდა: ამ შეხვედრის შემდეგ ის გამოხმაურებები, რომლებიც ჩვენ გვქონდა ევროკავშირის, ეუთო-ს, აშშ-ის, გერმანიის და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან, ადასტურებს, რომ ამ შეხვედრით ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია მოხდა“,- ამბობს ზალკალიანი. 

რაც შეეხება კითხვას, „რატომ ახლა?“, ზალკალიანი მიუთითებს საოკუპაციო ხაზთან ზაფხულში განვითარებულ მოვლენებზე, ყურადღებას ამახვილებს მის სიმწვავეზე, ამბობს, რომ მსგავსი სიმწვავე მანამდე არ ყოფილა და ნიუ-იორკი მაქსიმალურად იქნა გამოყენებული, რომ შეხვედრა ყოფილიყო დაორგანიზებული. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S