
ბელარუსმა რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დააანონსა: რას მოიცავს სწავლება
18/10/2022 07:29:43 ევროპა
17 ოქტომბერს ბელორუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავს.
მათში მონაწილეობას მიიღებს ქვეყანაში ახლახან ჩამოყალიბებული რუსეთ-ბელორუსის ჯარების ერთობლივი ჯგუფი.
წვრთნებში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში გაიმართება, გათვალისწინებულია საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის ტაქტიკიდან სროლა და საზენიტო მართვადი რაკეტების გაშვება.
როგორც თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, ბელარუსი იტოვებს უფლებას, მიიღოს სტრატეგიული შეკავების პრევენციული ზომები „შეტევის თავიდან ასაცილებლად ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის განეიტრალების მიზნით“.
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასულ კვირას განაცხადა, რომ ბელარუსის ჯარები რუსეთის ძალებთან ერთად განლაგდებიან უკრაინის საზღვართან. ამავე დროს, მან ისაუბრა უკრაინისა და დასავლეთიდან მუქარებზე ისე, რომ არ წარმოუდგენია თავისი სიტყვების დამადასტურებელი მტკიცებულება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ბელარუსში გაიგზავნება დაახლოებით 170 ტანკი, 200-მდე საბრძოლო მანქანა და 100-მდე ნაღმტყორცნი, ასევე რუსული არმიის მინიმუმ, 9000 სამხედრო მოსამსახურე. 17 ოქტომბერს ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა დაადასტურა, რომ ჯარების ერთობლივმა დაჯგუფებამ „დაიწყო საკავშირო სახელმწიფოს შეიარაღებული თავდაცვისთვის დავალებების შესრულება“.
ბელარუსი არ არის უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის პირდაპირი მონაწილე, მაგრამ ლოგისტიკურ დახმარებას უწევს რუსეთს – 24 თებერვალს რუსული ჯარების ნაწილი უკრაინაში ბელარუსის საზღვრის გავლით შევიდა; ბელარუსიდან აფრენილი რუსული სამხედრო თვითმფრინავები ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, რასაც ათასობით მოქალაქე ემსხვერპლა; ბელარუსის ტერიტორიიდან უშვებენ რაკეტებისაც.
ბელარუსის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში თანამონაწილეობის გამო. ლუკაშენკომ აღიარა ბელარუსის მონაწილეობა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსები „არავის კლავენ“.