
ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებულ პირთა ნაწილი ბრალდებას არ ეთანხმება
18/10/2022 17:32:52 სამართალი
“გრინსერვის +"-ის ხელმძღვანელის ლაშა ფურცხვანიძის, კომპანიის თანამშრომლის დევი კახოიძის და ამავე კომპანიის საქმის მწარმოებლის ბექა მირღვლიანის ადვოკატის მამუკა ბლიაძის განცხადებით, ბრალდება აბსურდულია
მისი მტკიცებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.
ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორის - ნუგზარ ქიტიაშვილისა და ამავე კომპანიის ინსპექტორის - დავით თუშიშვილის ადვოკატის თქმით, მათ მხოლოდ პროექტთან ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა გააკეთეს, თუმცა არ გაუციათ დასკვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
“მათ, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინებათ, დოკუმენტის გაყალბებაზე, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.
მათ ჩაატარეს საექსპერტო სამუშაოები ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით. რამდენი ბეტონია დასხმული, რამდენი ნათურაა გამოყენებული და ა.შ. მათ უსაფრთხოების ლიცენზია არ აქვთ ასე, რომ ისინი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვერანაირ ლიცენზიას გასცემდნენ”,- განაცხადა ადვოკატმა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.
რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.