
„გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლების ადვოკატი: „თავს დამნაშავედ არც ერთი მიიჩნევს“
19/10/2022 09:39:52 სამართალი
ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
„გრინსერვის პლუსის“ დაკავებული თანამშრომლების ლაშა ფურცხვანიძის, დევი კახოიძის და ბექა მურღვლიანის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ განაცხადა, რომ ისინი დაკავებას არ ელოდებოდნენ და თავს დამნაშავედ არც ერთი მიიჩნევს.
„თავს დამნაშავედ არც ერთი მიიჩნევს, ველოდებით მასალებს. ამ მომენტისთვის დუმილის უფლებას იყენებენ, მაგრამ რაც იქნება საჭირო საგამოძიებო მოქმედებებისთვის, უარს არავინ აცხადებს. ამ ეტაპზე არც ვიცით, რა არის ბრალდება. დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე რამე კონკრეტულს ვერ ვიტყვი, საქმის მასალებს ველოდები“, – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.
„მშენექსპერტის“ დირექტორის, ნუგზარ ქიტიაშვილისა და ინსპექტორის, დათო თუშიშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დოკუმენტების გაყალბებაზე გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან, რადგან ისინი ადგენდნენ მხოლოდ ხარჯთაღრიცხვას:
„ისინი არ ეთანხმებიან, რომ რამე მცირე ბრალიც კი მიუძღვით იმ დანაშაულში, რომელსაც, სავარაუდოდ, წარუდგენს გამოძიება, ვგულისხმობ დოკუმენტაციის გაყალბებას. ვინაიდან ისინი იყვნენ ხარჯთაღრიცხვის შემდგენი ექსპერტები და არანაირი შემხებლობა ობიექტის უსაფრთხოებასთან და ექსპლუატაციასთან მიმართებით არ ჰქონდათ. მათ შეადარეს გახარჯული თანხის შესაბამისობა სატენდერო პირობებთან, ეს იყო მათი ამოცანა და ეს დევს ბრალის დადგენილებაში“, – განაცხადა მან.
საქმესთან დაკავშირებით სულ 9 პირი დააკავეს.