
იზიუმში რუსი სამხედროების მიერ ხალხის წამება პოლიტიკის და გეგმის ნაწილი იყო - HRW
19/10/2022 11:02:32 ევროპა
აღმოსავლეთ უკრაინაში იზიუმის ოკუპაციის დროს რუსული დანაყოფების მიერ დაკავებულების რეგულარული წამება იყო „პოლიტიკისა და გეგმის“ ნაწილი, – ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) კონკრეტული საქმეების შესწავლის შემდეგ.
„რუსი სამხედროები და მათი მეთაურობით მოქმედი პირები რეგულარულად აწამებდნენ დაკავებულებს იზიუმის ექვსთვიანი ოკუპაციის დროს“, - ნათქვამია HRW–ის 19 ოქტომბრის ანგარიშში.
მოხსენების ავტორებმა გამოკითხეს 100-ზე მეტი მსხვერპლი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ აწამებდნენ ელექტროშოკერით, დახრჩობის სიმულაციით, სასტიკი ცემით, ემუქრებოდნენ იარაღით და აიძულებდნენ, დიდხანს დარჩენილიყვნენ მოუხერხებელ პოზაში.
გადარჩენილმა ყოფილმა პატიმრებმა ამოიცნეს მინიმუმ შვიდი ადგილი იზიუმში, სადაც ხორციელდებოდა წამება. მათ შორის, ორი სკოლაა.
HRW-ის მკვლევართა აზრით, ძალადობა და სისასტიკე იზიუმში „შემთხვევითი ინციდენტები არ ყოფილა“.
„რამდენიმე მსხვერპლმა გაგვიზიარა სანდო მონაცემები წამების მსგავსი გამოცდილების შესახებ რუსული ძალების და მათი ქვეშევრდომების მიერ კონტროლირებად დაწესებულებებში დაკითხვისას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქცევა იყო პოლიტიკისა და გეგმის ნაწილი“, - აცხადებენ უფლებადამცველები.
სახლებიდან ან საზოგადოებრივი ადგილებიდან გატაცებულს 14 დღემდე ამყოფებდნენ ტყვეობაში.
ყველა დაკავებულ მამაკაცს აწამებდნენ ელექტროშოკით, სცემეს მუშტებით, იარაღის კონდახებით, ლითონის მილებით და სხვა ნივთებით, ხოლო დაკავებულმა ქალმა HRW-ს უთხრა, რომ მას მუშტებით სცემდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
„ჩვენი დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები ბევრ ოკუპირებულ რაიონში საშინელ დარღვევებს სჩადიან და არსებობს ჭეშმარიტი შეშფოთების საფუძველი მსგავსი ძალადობის არსებობის შესახებ სხვა რაიონებშიც, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ“, - ასკვნის HRW.
გაეროს 18 ოქტომბერს გამოქვეყნებული დასკვნების თანახმად, რუსეთის ძალები პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის ომის დანაშაულებებზე უკრაინის ოთხ რეგიონში ომის პირველი კვირების განმავლობაში.
სექტემბერში ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა გამოაცხადა განთავისუფლებულ იზიუმში ცხედრების ექსჰუმაციის დასრულება. მისი თქმით, ცხედრების უმეტესობას ძალადობის კვალი აღენიშნება.
მკვლევარები ასევე მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინაში გაუპატიურება გამოიყენება როგორც სამხედრო იარაღის ნაწილი. იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა მინიმალური ასაკი ოთხი წელია. ამ დანაშაულებრივ აქტს დაექვემდებარენ ორივე სქესის ადამიანეები განურჩევლად ასაკისა: ბავშვები, ახალგაზრდები, ასაკოვნები.