
ბრიტანეთის ელჩი: "მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო კვლავ კარგად მიიწევს წინ"
19/10/2022 13:02:56 პოლიტიკა, ეკონომიკა
"მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო კვლავ კარგად მიიწევს წინ, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა მაქსიმალურად საინტერესოდ რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის.
„როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინაში არაკანონიერი და არაფრით პროვოცირებული შეჭრისა და კოვიდის კრიზისის ფონზე, გლობალურ ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა შეინიშნება. ამის პარალელურად, საქართველო კვლავ კარგად მიიწევს წინ, ეკონომიკა იზრდება, ხოლო ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოდის და ეს ძალიან დადებითია. თუმცა არსებული გამოწვევები მიგვითითებს იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს ეკონომიკა მაქსიმალურად საინტერესოდ დარჩეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო ინვესტორთა საბჭოს მხარს ამაყად უჭერს. ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა ინვესტორებსა და მთავრობას პირდაპირი დიალოგისთვის და ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ საქართველო ინვესტორებისთვის საინტერესო ქვეყანად დარჩეს“, - განაცხადა ელჩმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.