
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება
17/10/2019 17:49:36 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
თურქეთი სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციას 120 საათით შეწყვეტს. ამის შესახებ პრეზიდენტი ერდოღანი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პენსი დღეს ანკარაში გამართული 2-საათიანი შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, - იუწყება Middle East Eye.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, შეხვედრის შემდეგ პენსმა განაცხადა, რომ თურქეთი დასთანხმდა, ყობანში სამხედრო ოპერაცია არ აწარმოოს. სანაცვლოდ აშშ, ვიცე-პრეზიდენტის თქმით, თურქეთის მიმართ დამატებითი სანქციების შემოღებას არ გეგმავს. მეტიც, როგორც პენსმა აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, ანკარის მიმართ მოქმედი ეკონომიკური სანქციებიც გააუქმოს.
«დღეს აშშ და თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. თურქული მხარე შეაჩერებს ოპერაციას "მშვიდობის წყარო", რათა 120 საათით უსაფრთხო ზონიდან "სახალხო თავდაცვის რაზმების" ჯარების გაყვანა უზრუნველყოს»,— განაცხადა პენსმა და იქვე დასძინა, რომ სრულად თურქეთი ოპერაციას ქურთთა ფორმირებების გასვლის შემდეგ დაასრულებს.
არაჩვეულებრივი სიახლეებია თურქეთიდან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება" - დაწერა ცოტა ხნის წინ "ტვიტერში" აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.