
კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი რუსებმა დანაღმეს – ზელენსკი
21/10/2022 06:15:47 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი რუსებმა დანაღმეს და ტერაქტს ამზადებენ.
მისი განმარტებით, თუ რუსებმა ააფეთქეს კაშხალი, 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება. შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაზარალდეს. ამასთან, სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალმომარაგება შეიძლება, განადგურდეს.
"ახლა მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს ძლიერად და სწრაფად, ახალი რუსული ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. კაშხლის განადგურება მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კახოვკას ჰესზე ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია:
„ახლა ჩვენ ყველამ ერთად - ყველა ევროპელმა, მსოფლიოს ყველა ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ - უნდა ავუხსნათ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ ასეთი ტერორისტული თავდასხმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ზუსტად იგივეს ნიშნავს, რასაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. შედეგები რუსეთისთვის შესაბამისი უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.