წულუკიანი – სანქციებზე: "უკრაინის მხრიდან მტრული გადაწყვეტილებაა"
21/10/2022 08:41:21 პოლიტიკა
ვიცეპრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინის მხრიდან "ქართული ოცნების" დამფუნებელ ბიძინა ვანიშვილის ახლო გარემოეცვის წევრების სანქცირებას "მტრული" გადაწყვეტილება უწოდა და გაიმეორა თანაგუნდელების ნარატივი "ომში ჩათრევის" მცდელობის თაობაზე.
"ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს სანქციები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა, როგორც გადაწყვეტილება, უკრაინის უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს სამშობლოს, საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ ეს რა გავლენას იქონიებდა ჩვენს თაობებსა და ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო ოკუპირებული [...] რბილად რომ ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ის ქვეყანა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება, უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა იმისა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩართონ. მაგრამ, ეს არ მოხდება. დღეს ამ ქვეყანაში ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობა",– თქვა წულუკიანმა.
იხილეთ ასევე: "მეორე ფრონტი არ გავხსენით": „ქართული ოცნების“ რეაქცია ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრების სანქცირებაზე
ცნობისთვის: უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა.
19 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს.
ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.
ამასთან, სანქციები შეეხება კიდევ სამ ქართველს — ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, რომელიც ფლობს ფოთის პორტს, "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელს და ა.შ, ასევე, ალექსანდრე ჯაფარიძეს და გიორგი ჯაფარიძეს.
სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.
ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.


