ბერაიამ უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის წევრების სანქცირებას "საქართველოს წინააღმდეგ ქმედებების კულმინაცია" უწოდა
21/10/2022 09:43:19 პოლიტიკა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის დაწესებული სანქციები უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რიტორიკის „მანიფესტაცია და კულმინაციაა“.
ამასთან, მან გაიმეორა თანაგუნდელების ნარატივი "მეორე ფრონტის" შესახებ.
„უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მეგობარი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ ძალიან არამეგობრულ ნაბიჯებს ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაუწესა. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, ყველა თვალსაზრისით ვეხმარებით როგორც პოლიტიკურ განზომილებაში, ასევე ჰუმანიტარული კუთხით. ბოლო ნაბიჯი, რაც ვიხილეთ, არის მანიფესტაცია და კულმინაცია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იმ რიტორიკისა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენდით უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. ასევე, რეგიონში სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების დაცვა. რეგიონში ნებისმიერი სახის ესკალაცია საქართველოს წინააღმდეგ, საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე პარტნიორების ინტერესებს. შესაბამისად, ვმოქმედებთ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის პასუხისმგებლიანი სუბიექტი. უკრაინაში და დედამიწის ზურგზე, ვინც არ უნდა მოინდომოს, საქართველო “მეორე ფრონტს” არ გახსნის და ომში არ ჩაერთვება და ამისთვის ბოდიშსაც არავის არ მოიხდის. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. უკრაინის ცალკეული მაღალჩინოსნების მინიშნებები ან ღია ნარატივი, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არამეგობრული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ უკრაინა არის მძიმე დღეში, ომის პირობებში, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა ეს ყველაფერი დასრულდება და შესაძლებლობა გვექნება, ერთმანეთთან დავსხდეთ, ვისაუბროთ და გავზომოთ ის ნაბიჯები, ვის ვისთვის აქვს უფრო მეტი ზიანი მიყენებული, უფრო მეტი პრობლემები შექმნილი და უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატული“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
***
იხილეთ ასევე: "მეორე ფრონტი არ გავხსენით": „ქართული ოცნების“ რეაქცია ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრების სანქცირებაზე
ცნობისთვის: უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა.
19 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს.
ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.
ამასთან, სანქციები შეეხება კიდევ სამ ქართველს — ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, რომელიც ფლობს ფოთის პორტს, "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელს და ა.შ, ასევე, ალექსანდრე ჯაფარიძეს და გიორგი ჯაფარიძეს.
სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.
ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.


