
აშშ–ის ელჩი: "საქართველოს სწრაფვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა"
21/10/2022 14:25:38 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ "საქართველოს სწრაფვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა". ამის შესახებ მან კონფერენციაზე "ქალები ენერგეტიკის სფეროში" სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩმა ისაუბრა, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში "კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტური პროექტების შესამუშავებლად":
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა შეიმუშაოს მარტივი, ეფექტური, განახლებადი სტიმულირების სქემა. ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტური პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, აამოქმედოს ელექტროენერგიის კაპიტალის ბაზარი რეალისტური ვადებითა და მიზნებით. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანად, გამჭვირვალე და ეფექტური გზით. შეერთებული შტატები ძალიან ბედნიერია, რომ განაგრძობს მუშაობას საქართველოსთან ამ სექტორების განვითარებაში".
მისი თქმით, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა უნდა იყოს ქვეყნის პირორიტეტი, განსაკუთრებით, იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება:
"პრიორიტეტებია: ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა. ეს უნდა იყოს პრიორიტეტები ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებისა და ენერგიის სუფთა, კლიმატისთვის ხელსაყრელი წყაროების განვითარების მნიშვნელობის გამო, არამედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. რუსეთი სასტიკად უტევს უკრაინას და ფოკუსირებულია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგო უსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი ხდება".
როგორც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, "ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება".
მისი თქმით, "საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოსთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა".
"არ შეიძლება იყოს [უკრაინაზე] უფრო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასია. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოსთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა და შეერთებულმა შტატებმა გასული 30 წელი გაატარა მცდელობაში, დაეხმაროს საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში ისეთი საქმეებით, როგორიც მაგალითად, არის USAID-ს 16 მილიონი დოლარის ოდენობის პროგრამა, რომელიც კონკრეტულად ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება. ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფოკუსირებას განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროების განვითარებაზე", დასძინა კელი დეგნანმა.