
ბაქო ეუთო-ს მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმაში ადანაშაულებს
21/10/2022 18:03:23 კავკასია
ოფიციალური ბაქო ეუთო-ს აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე უარის თქმაში ადანაშაულებს და იმუქრება, უარი თქვას სტრუქტურის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაზე.
"იმის მაგივრად, რომ რეგიონში ნდობის აღდგენისა და მშვიდობის დამყარებისთვის იღწვოდეს, ისინი უარს აცხადებენ აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე და უპირატესობას ანიჭებენ "საჭიროებათა შეფასების" ცალმხრივ მისიას, რომლის მიზნები და შედეგები წინასწარვეა განსაზღვრული. ამას უკუშედეგი ექნება" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ში აზერბაიჯანის წარმომადგენლობის სახელით ორგანიზაციის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას გავრცელდა.
"ეუთო წარმოადგენს 57-ვე მონაწილე ქვეყნის საერთო აქტივს. ჩვენ გავაპროტესტებთ ეუთო-ს დოკუმენტებისა და გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევასა და უგულებელყოფას, ისევე, როგორც ამ ორგანიზაციის შიგნით შემორჩენილი თანამშრომლობის სულისკვეთების განადგურების ნებისმიერ მცდელობას" - ნათქვამია აზერბაიჯანული წარმომადგენლობის განცხადებაში.
20 ოქტომბერს ოფიციალურმა ბაქომ კომენტარი გააკეთა ასევე სომხეთში ეუთო-ს მისიის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის არცერთ სტრუქტურაში არ ყოფილა შეთანხმებული. "არანაირი ჯგუფი, რომელიც "ეუთო-ს სომხეთის საჭიროებათა შეფასების მისიად" იწოდება, არ ფლობს ეუთო-ს მანდატს და ვერანაირად ვერ იქნება კავშირში ამ ორგანიზაციასთან. შესაბამისად, მისი არავითარი დასკვნები და მოხსენებები არ იქნება მიღებული ეუთო-ს დოკუმენტებად" - განაცხადეს აზერბაიჯანის დიპლომატიურ უწყებაში.
ცნობისთვის: ოფიციალური ერევნის მიწვევით ეუთო-მ დღეს სომხეთში საჭიროებათა შეფასების სპეციალური ჯგუფი მიავლინა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ მისიის მიზანს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე ვითარების შეფასება წარმოადგენს. ტექნიკური ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო ექსპერტები და ეუთო-ს სამდივნოს წარმომადგენლები.