
თავდაცვის სამინისტრო: მე-12 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა NATO-ს შეფასების NEL-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა
23/10/2022 15:22:42 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა" ასეულმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. ასეულის სიტუაციური სწავლების მიზანი ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP) ფარგლებში ნატოს მე-2 დონის (NEL-2) შეფასებისთვის მზადყოფნაა.
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ალფა" ასეულმა თავდასხმითი ოპერაციის მომზადების შემდეგ რეიდის და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. „ალფა“ ასეულს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი უჭერდა მხარს. სწავლებაში მონაწილეობას ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ.
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის მოქმედებები დადებითად შეაფასა. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.
მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. ქვედანაყოფი ნატოს ძალებთან თავსებადობის კუთხით ამჟამად გადამზადებასა და მზადყოფნაში გადის" - ნათქვამია ინფორმაციაში.