
რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ალიევმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე
24/10/2022 10:01:20 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი.
"აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალი დონე და აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და არსებული გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებული ძალებით მუშაობენ. გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს", – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
შეგახსნებთ, რომ ილჰამ ალიევი თბილისს დღეს ეწვია.