
ღარიბაშვილი: "ვთანხმდებით, რომ რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით"
24/10/2022 10:24:27 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე, მათ შორის რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან, თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, ილჰამ ალიევის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა, ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.