ალიევი: „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“

24-10-2022 14:53:53 კავკასია

ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაძლიერდეს ბაქო–თბილისი–ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტებს გამოყენება მოხდეს, რათა ტვირთები ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით წავიდეს და პირიქით,– ამის შესახებ აზერბაიჯანს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75%–ით გაიზარდა. სარკინიგზო ტრანსპორტი შესაძლოა, მომდევნო წელს 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს. მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით და მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისთვის, რომ კასპიის აზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და დავამუშაოთ ახალი მარშრუტები. იცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაძლიერდეს ბაქო–თბილისი–ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტებს გამოყენება მოხდეს, რათა ტვირთები ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ მაჩვენებლის გაზრდის პოტენციალი გაგვაჩნია. იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“,– განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო.

„სატრანსპორტო კავშირებისთვის მეზობლებთან ურთიერთობები უნდა განვავითაროთ, სხვა შემთხვევაში, ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და მსოფლიოსაც მოვუტანოთ სარგებელი“,– აღნიშნა ალიევმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები