
რუმინეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ გადადგა
24/10/2022 15:52:31 ევროპა
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილ დინჩუმ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ თავად კიევი ვერ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, რადგან ის არ თმობს ტერიტორიებს, ამიტომ ამით აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები უნდა დაკავდნენ. ამავდროულად, დინკუმ მოლაპარაკებებს მშვიდობის დამყარების ერთადერთი შანსი უწოდა, თუნდაც დიალოგი "გაყინული კონფლიქტით" დასრულდეს.
საპასუხოდ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი დიალოგის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია, მიიღოს. ხოლო რუმინეთის საპარლამენტო პარტიამ „რუმინეთის ხსნის კავშირმა“ პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ჩუკას მოუწოდა თავდაცვის მინისტრის გადაყენებისკენ. მთავრობის მეთაურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებები არ ასახავს ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას.
მინისტრმა გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მიზეზად მან ქვეყნის პრეზიდენტთან „მუშაობის გაგრძელების შეუძლებლობა“ დაასახელა.
„აუცილებლად მიმაჩნია, დავტოვო თანამდებობა, რათა არავითარი ზიანი არ მივაყენოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, პროგრამებს, რომ არ დაიბლოკოს მთელი რიგი პროექტები, რომლებიც აბსოლუტურად აუცილებელია ეროვნული თავდაცვის სისტემისა და რუმინეთის არმიის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის“. – თქვა დინკუმ.
რუმინეთი იმ ცხრა ევროპულ ქვეყანას შორის იყო, რომელთაც განაცხადეს, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.