
უკრაინელ ბიზნესმენს, რომელსაც რუსეთთან თანამშრომლობაში ამხელენ, ჩანაწერები გამოუქვეყნეს
24/10/2022 19:23:02 ევროპა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ზაპოროჟიეს საავტომობილო ქარხნის „მოტორ სიჩის“ დირექტორის ვიაჩესლავ ბოგუსლაევის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსული ავიაციისთვის სამხედრო დანიშნულების საქონლის უკანონო მიწოდებაში.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ადასტურებს, რომ ბიზნესმენი მოსკოვთან უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის შემდეგაც თანამშრომლობდა. უკრაინელი სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ბოგუსლაევმა გაამართლა რუსეთის თავდასხმა. კერძოდ, ბიზნესმენმა ერთ-ერთ საუბარში აღნიშნა, რომ თანაგრძნობით უყურებს „მოტორ სიჩის“ ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნას.
ბოგუსლაევის დაკავების შესახებ 22 ოქტომბერს გახდა ცნობილი. საქმეზე ასევე დაკავებულია „მოტორ სიჩის“ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ოლეგ ძიუბა. ბიზნესმენები ეჭვმიტანილები არიან აგრესორ ქვეყანასთან კოლაბორაციონიასა და თანამზრახველობაში. მათ კიევის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებულები შეთქმულებაში იყვნენ რუსული კორპორაციის "როსტეხის“ წარმომადგენლებთან, რომელიც იარაღს აწვდის რუსეთის ჯარს. თავის მხრივ რუსული კომპანია ირწმუნება, „მოტორ სიჩთან“ 2014 წლიდან არ თანამშრომლობს.
მედიის ცნობით, ბოგუსლაევს რუსეთის მოქალაქეობა 2000 წლიდან აქვს. მას შემდეგ 4-ჯერ აირჩიეს სახალხო დეპუტატად და იყო უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრი, რაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომას გულისხმობდა.
ქარხნის თანამშრომლებმა ბოგუსლაევის მხარდასაჭერად ღია წერილით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტს. ისინი წერდნენ, რომ ქარხნის დირექტორმა მთელი ცხოვრება უკრაინას მიუძღვნა და რომ ის უდანაშაულოა.