
უკრაინაში ე.წ. კადიროველთა შტაბზე თავდასხმის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა
25/10/2022 06:02:56 კავკასია
სკოლაზე, სადაც ე.წ. კადიროველების შტაბი იყო განთავსებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად,40-მდე ადამიანი დაიღუპა, 100-მდე დაშავდა,– ამის შესახებ უკრაინული და ჩეჩნური ოპოზიციური ტელეგრამ–არხები იტყობინებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ანგარიშში მსგავსი ინფორმაცია ჯერ არ ფიქსირდება.
ტელეგრამ–არხმა "UNIAN"-მა გამოაქვეყნა გადარჩენილების ვიდეო. თავდასხმა სავარაუდოდ, ხერსონის რაიონის სოფელ კაირში მოხდა.
უკრაინული ტელეგრამ–არხი "ეძებე შენები" იუწყება, რომ დაიღუპა 40 ადამიანი და დაშავდა 60. მოგვიანებით, ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ–არხმა Niyso–მ განაცხადა, რომ შესაძლოა, დაშავებული იყოს100 ადამიანი.
ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობის 1ADAT–ის ტელეგრამ–არხის თანახმად, ესენი არიან ეგრეთ წოდებული "ნავთობის პოლკის" მებრძოლები - ჩეჩნეთში ნავთობისა და გაზის კომპლექსური ობიექტების დაცვის პოლიციის პოლკი.
გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც დამუშავებულია ზოგიერთი სავარაუდო მსხვერპლის ფოტოები, ასევე აუდიოჩანაწერი, რომელშიც ერთ-ერთი გადარჩენილი აცხადებს, რომ დარტყმა განხორციელდა Hymars-ის რაკეტით.
ამასთან, ჩეჩნური ოპოზიციური არხები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ შეტყობინებების „სკრინშოტებს“ შტაბში დაღუპულების შესახებ.
ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ჩეჩნური ბატალიონის ერთ-ერთმა მეთაურმა ადამ ოსმაევმა, რომელიც იცავს უკრაინას, თქვა, რომ ჩეჩნეთის ეროვნული გვარდია ძირითადად გამოიყენება ფრონტის ხაზიდან დახეული რუსი სამხედროების შემაკავებლად, ასევე ოკუპირებულ დასახლებებში.