
რატომ არ შეახვედრეს ალიევი ზურაბიშვილს: "ქართული ოცნების" დეპუტატების ვერსიები
25/10/2022 08:31:48 კავკასია, პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყანა 24 ოქტომბერს ისე დატოვა, რომ თავის ქართველ კოლეგას ვერ შეხვდა.
როგორც 24 ოქტომბერსვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გახდა ცნობილი, ამ ვიზიტის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო და მიუხედავად მზაობისა და მცდელობსა, შეხვედრა ვერ შედგა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ საკომუნიკაციო გაუგებრობას უნდა ჰქონოდა ადგილი.
„მეც გუშინ გავიგე ამის შესახებ. ერთობ უცნაური ამბავია. ჩემი ვერსიაა, რომ რაღაც საკომუნიკაციო გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. [...]საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პრეზიდენტია. აქ სუბიექტივიზმზე არაა საუბარი. ეს სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომელსაც პატივისცემა სჭირდება“,– განაცხადა მან ფორმულასთან.
მისმა კოლეგამ ალუდა ღუდუშაურმა კი ამგვარად სცადა მთავრობის გამართლება:
„საგარეო პოლიტიკის წარმართვაზე პასუხისმგებლობა აქვს მთავრობას, შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. თუ რაიმე იქნა დარღვეული, პრეზიდენტი მიუთითებდა, კონკრეტულად რა ნორმა დაირღვა, ასეთი ჩანაწერი ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, წუხილები და ინსინუაციები უადგილოა“.
მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ.
ალიევი დაუანონსებელი ვიზიტით საქართველოს 24 ოქტომბერს სტუმრობდა და საქართველოს მთავრობის მეთაურს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გააჟღერა პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის გზავნილები.