
სევასტოპოლში, რუსეთის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებისას პილოტი დაიღუპა –მედია
25/10/2022 14:11:47 ევროპა
1 ოქტომბერს ანექსირებულ სევასტოპოლში, რუსეთის სამხედრო აეროდრომ “ბელბეკზე“ მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად რუსული გამანადგურებლის პილოტი დაიღუპა,– ამის შესახებ 25 ოქტომბერს სევასტოპოლის გამოცემა ForPost იტყობინება.
როგორც მედია აღნიშნავს, მფრინავის დაღუპვის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში 24 ოქტომბერს გამოჩნდა. ForPost-ის წყაროებმა დაადასტურა ინფორმაცია.
გამოცემის ცნობით, რუსული გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.
მედია იუწყება, რომ მფრინავის გარდაცვალების ადგილზე ამჟამად დამონტაჟებულია მემორიალური ნიშანი - თვითმფრინავის კუდის ფრაგმენტი და პატარა ობელისკი წითელი ვარსკვლავით. გარდაცვლილის ვინაობა არ სახელდება.
1 ოქტომბერს სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. სევასტოპოლის რუსმა ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ
„დაფრენისას თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოცურდა და მოხდა აალება “. მოგვიანებით რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ აეროპორტში „საბრძოლო მასალა აფეთქდა“. ოფიციალური ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ „პილოტმა მოახერხა ევაკუაცია“.
ყირიმსა და სევასტოპოლში თითქმის ყოველდღიურად ხდება აფეთქებები უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ.