
გვრიტიშვილი: "სად არის კლანი? სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?"
25/10/2022 17:16:49 სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახლა არჩეული მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს "კლანური პრინციპით ფორმირებულ პოლიტიზებულ სუბიექტების ერთობას" უწოდებს.
"ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაციები არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას და დანარჩენი ყველა, განსხვავებული აზრის გარეშე, უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით - სად არის კლანი? სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?", – აცხადებს გვრიტიშვილი.
ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები , კვლავ გახდნენ. უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იკავებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს. დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2021 წლებში იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილი მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა დანიშვნას აკრიტიკებს. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალმა ორგანიზაციებმა განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ "ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით".