
პოლონეთის სენატმა რუსეთის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად აღიარა
26/10/2022 15:03:19 ევროპა
პოლონეთის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობას ტერორისტულ რეჟიმად ცნობს.
რეზოლუციაში სენატი „მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, აღიაროს რუსეთის ფედერაციის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად“.
რეზოლუციაში სენატორები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სასტიკი ომი წამოიწყეს უკრაინასთან, სურთ წაშალონ ეს სუვერენული ქვეყანა მსოფლიოს რუქიდან და გაანადგურონ მისი ერი.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის მოქალაქეების ბრძოლამ თავისუფალი სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია და რომ „უკრაინა დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც დემოკრატიას და თავისუფლებას იცავენ“, ხოლო რუსეთი ატერორებს უკრაინის ქალაქების მაცხოვრებლებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით.
"რუსული ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები აწამებენ და კლავენ სამხედრო ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს, ასახლებენ და გზავნიან უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის შორეულ პერიფერიაში", - ნათქვამია რეზოლუციაში.
13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ რეჟიმად უწოდებს. რეზოლუციაში ასევე შეტანილია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.