
„რუსეთის ჯარებმა მიიღეს ბრძანება“: სარდლობა "სამხრეთი" ხერსონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს
26/10/2022 20:24:14 ევროპა
უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ვარაუდობს, რომ რუსეთის ჯარებმა მიიღეს ბრძანება, ხერსონი "ბოლომდე" შეინარჩუნონ.
„აგვისტოდან მოყოლებული აქტიური კონტრშეტევის მოლოდინში, მტერმა საკმაოდ მძლავრად განალაგა თავდაცვის ხაზები და გააძლიერა ისინი, შეავსო ეს სივრცე ელიტური ნაწილებით. ეს არის სადესანტო–შეტევითი დანაყოფებია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვაგრძელებდით საცეცხლე კონტროლს და გარკვეული პოზიციების დამუშავებას, ის მაინც ძალიან ბევრია. ამიტომ, ახლა ცოტა იმედგაცრუებულები არიან და თავდაცვის ახალ ხაზებს აშენებენ. რეგიონული ცენტრის შენარჩუნებისთვის ემზადებიან... არის მათი წარუმატებლობის ასეთი სამმაგი საფრთხე - კრეისერ "მოსკვას“ და კუნძულ ზმეინის შემდეგ არის ხერსონიც - ეს იქნება კრიტიკული, გარდამტეხი მომენტი იმპერიისთვის. დიდი ალბათობით, მათ მიიღეს დავალება, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ. არის თავდაცვის ხაზები, არის მცდელობები გარკვეული ხაზის აღჭურვისა, რომელზედაც პირველ გამრღვევ ძალებს დაელოდებიან და არის პოზიციები მოწყობილი მარცხენა სანაპიროზე”,- თქვა სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მისივე თქმი, რუსული ჯარები ახლა ცდილობენ, დისტანციურად იმოქმედონ: ხმელეთზე გადაადგილება არ შეუძლიათ და ციდან ცდილობენ უკრაინელ სამხედროებზე ზეწოლას.
სექტემბერში New York Times-მა აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო რუსი მეთაურების მოთხოვნა ოკუპირებული ხერსონიდან ჯარების გაყვანის შესახებ.
რუსეთის ჯარებმა ხერსონი მარტის დასაწყისში დაიკავეს. რუსეთის ხელისუფლებამ სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა უკრაინის ოთხი რეგიონის, მათ შორის ხერსონის ანექსია. მალე რუსმა სამხედროებმა რეგიონის ჩრდილოეთიდან უკან დაიხიეს.
ხერსონის რაიონში უკრაინული ძალების შეტევის ფონზე, საოკუპაციო ძალები ირწმუნებოდნენ, რომ ხერსონს არაფერი ემუქრებოდა. თუმცა, რიტორიკა შეიცვალა გასულ კვირას, როდესაც უკრაინაში რუსული ძალების ახლად დანიშნულმა სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონში "რთულ გადაწყვეტილებებს“ არ გამორიცხავდა და მოსახლეობას გამგზავრებისკენ მოუწოდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხერსონში თითქმის ყველა რუსული „ინსტიტუცია“ დაიხურა და ე.წ. „ლიდერები“ კიდევ უფრო ადრე წავიდნენ.