
„უმკაცრეს ზომებს მივიღებთ როგორც კონკრეტული პირების, ასევე სავარაუდოდ, კლუბების მიმართ“
21/05/2019 11:32:55 სხვა, სამართალი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული ფეხბურთელებისა და საფეხბურთო კლუბების მიმართ უმკაცრეს ზომებს გაატარებს.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
„არ შერჩება არც ერთ ადამიანს, ვინც თავს უფლებას აძლევს, რომ ამხელა ზიანი მიაყენოს არამარტო თავის სახელს ან კლუბს, არამედ ქართულ ფეხბურთს. ნამდვილად არ ვაპირებ იმ კომენტარის გაკეთებას, რომ „დაველოდებით გამოძიებას“. არ მაინტერესებს, ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. ჩვენ – ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენი სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე არ არის გამორიცხული კლუბების მიმართაც“,- აცხადებს კობიაშვილი.
ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უწყების ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. როგორც სუს-ში განმარტავენ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.