
"ჯორჯიან მანგანეზი": "მუშის დაღუპვა მაღაროში ტექნიკური გაუმართავობით არ იყო გამოწვეული"
18/10/2019 10:21:22 სხვა, სამართალი, რეგიონები
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროშიმუშის დაღუპვა მაღაროში ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.
მისივე ცნობით მომხდართან დაკავშირებით კომპანიამ შიდა მოკვლევა დაიწყო.
"პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, არ იყო გამოწვეული ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით. დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით უკანასკნელად ორი თვის წინ შემოწმდა: სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს სამინისტრო აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს“, აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის: ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში შემთხვევა გუშინ მოხდა. მუშის დაღუპვის ფაქტზე შსს–მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.