
ზაპოროჟიედან „არდადეგების“ საბაბით რუსეთში გადაყვანილ ასობით ბავშვს მშობლებს არ უბრუნებენ – ფედოროვი
28/10/2022 14:13:53 ევროპა
ასობით უკრაინელი ბავშვს, რომლებიც ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ტერიტორიებიდან არდადეგების საბაბით რუსეთში გადაიყვანეს, მშობლებს არ უბრუნებენ,– ამის შესახენ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტი, რომ 300-ზე მეტი ბავშვი ენერგოდარიდან, კამენკადან, ვოდიანიდან არდადეგების საფარქვეშ წაიყვანეს კრასნოდარის მხარეში და აღარ დააბრუნეს. ერთი კვირის წინ უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ ამ კვირაში მშობლებთან მივიდნენ და უთხრეს: „მოგვეცით ზამთრის ნივთები.ისინი ჯერ არ დაბრუნდებიანო“. მომავალი კვირიდან მელიტოპოლის სკოლებში არდადეგებია გამოცხადებული, რაშისტები ცდილობენ, მელიტოპოლის ბავშვებიც კრასნოდარის მხარეში, ყირიმში და ა.შ. წაიყვანონ“, - განაცხადა ფედოროვმა.
მისივე თქმით, ბავშვები ე.წ დასასვენებლად მშობლების თანხმობით გაჰყავთ.
„ისინი (საოკუპაციო ძალები - კ.რ.) ამბობენ, რომ ეს არდადეგებია და [ბავშვები] ერთი კვირით გაჰყავთ. მშობლები უმეტესწილად თანხმობას აძლევენ, მაგრამ როდესაც არკვევენ, რომ ბავშვები როგორღაც უნდა დაიბრუნონ, მიდიან ამ კრასნოდარის მხარეში ან ყირიმში და იწყებენ შვილების ძებნას, ”- დასძინა ფედოროვმა.
26 ოქტომბერს რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ მან „იშვილა“ ბიჭი, რომელიც მარიუპოლიდან გაიყვანეს. ასევე, მისი თქმით, დონბასიდან 350 ობოლი „უკვე მოთავსებულია მიმღები ოჯახში რუსეთის 16 რეგიონში“. ლვოვა-ბელოვას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელი ბავშვი „იშვილა“, უკრაინის საგარეო უწყებამ შსს–ს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სთხოვა.